“მინდა ყველამ იცოდეს, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც მცირე ბიზნესს ეწევა: როცა საგადასახადო აგენტები ახორციელებენ საკონტროლო შესყიდვებს, აქ გამოყენებულია ფარული კამერა. ეს იმისთვის კეთდება, რომ დავიცვათ ჩვენი ბიზნესმენების უფლებები,” – ამბობს ხადური.
მისი თქმით, თუ ბიზნესმენს ვინმე მოატყუებს, ფინანსთა სამნისტრო ყველა საკითხს ობიექტურად შეისწავლის და ყველა ის აგენტი, ვინც გადააჭარბებს თავის უფლებამოსილებას, ძალიან მკაცრად დაისჯება.
ხადურის განცხადებით, კანონის დარღვევის შედეგად მეწარმისათვის 500- ლარიანი ჯარიმის გაუქმების საკითხი არ განიხილება:
“მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი ჯარიმების შემცირებაზე”.
ფინანსთა მინისტრი არ აკონკრეტებს ზუსტ ვადებს, როდის შემცირდება ბიზნესისათვის საჯარიმო განაკვეთები.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკებრიდან შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო ადმინისტრირების გასაძლიერებლად ე.წ. საკონტროლო შესყიდვები გაააქტიურეს.
საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა, ან ჩეკში გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.