მოწმეთა ჩვენებებში გარკვეული უზუსტობები დაფიქსირდა. დღეს მოწმეებმა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის საქმესთან დაკავშირებული საქმის დეტალები გაიხსენეს.
სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის, ზურაბ ვანიშვილის დაკითხვით დაიწყო.
როგორც ვანიშვილი აცხადებს ის 2011 წლის 23 მაისს დავალების შესასრულებლად კონფლიქტის ზონაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არცევში ორ თანამშრომელთან, გიორგი დავითაშვილთან და ვახტანგ სარაულთან ერთად იმყოფებოდა. მათ ინფორმაცია ჰქონდათ იმის შესახებ, რომ შესაძლოა კონფლიქტის ზონიდან სოფლის ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის დაჯგუფება შემოსულიყო.
უკანონო ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდებასთან დაკავშირებითაც თბილისის საქალაქო სასამართლოში იოსებ გიგუაშვილის, გიორგი გაბროშვილის, ხვიჩა საბაშვილის, თამაზ ბეგიაშვილის, ზაზა მეგრელიძის და გაბრიელ პავლიაშვილის ბრალეულობის საკითხი განიხილება.
ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად, აღნიშნული პირებიც ამ დრომდე იმალებოდნენ და მათზე ძებნა იყო გამოცხადებული. მათ ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით (უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა), ასევე 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ნიშნავს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას და ტარებას.
მოწმის განცხადებით დაახლოებით 7:30 საათზე მათ კონფლიქტის ზონიდან შემოსული 6 პიროვნება შენიშნეს, რომლებიც ერთ–ერთ სახლში შევიდნენ, მოგვიანებით სახლი 4–მა პირმა დატოვა, ხოლო 25 მაისს სახლში სხვა პირებიც მივიდნენ, კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ზემოთაღნიშნული პირები ამოიცნეს.
მოწმის ჩვენების მიხედვით იმავე საღამოს აღნიშნულმა პირებმა სამი ყუთი და რამდენიმე ტომარა გამოიტანეს და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწაში ჩაფლეს.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით ზუსტად იდენტურია მეორე მოწმის წერილობითი ჩვენებაც. მიუხედავად ამისა დღევანდელი დაკითხვისას ადვოკატების მიერ დასმულ დამატებით კითხვებზე მოწმეებმა განსხვავებული პასუხები გასცეს:
“დღეს დაკითხვის დროს მეორე მოწმის ჩვენებამ მთლიანად გამორიცხა წინა მოწმის ჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ წერილობით მათი ჩვენებები ერთიერთში ემთხვეოდა ერთმანეთს. დაკითხვისას ერთი მოწმე ამბობს, რომ დაინახეს როგორ დამარხეს აღნიშნულმა პირებმა რაღაც, მეორე ამბობს რომ დამარხვის პროცესი არ დაუნახავთ რადგან რაღაც ეფარებოდათ, იყო სხვა უზუსტობებიც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოწმეები ადასტურებენ, მათ არ იცოდნენ რა ინახებოდა ამ ყუთებში და ტომრებში. მათ უბრალოდ დაინახეს დამარხვის მომენტი, შემდეგ წამოვიდნენ და ერთი თვის მერე ამ ადგილზე დამარხული რაღაც – იარაღი აღმოჩნდა. ჩემს კითხვაზე, ამ ერთი თვის განმავლობაში ვინმე ხომ არ დარაჯობდა ამ ადგილს პასუხი უარყოფითი იყო, მოწმემ თვითონვე თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ამ ერთი თვის განმავლობაში მისულიყო და იმ ადგილზე სხვა რამე დაემარხა”,– აცხადებს ზვიად კორძაძე.
ადვოკატის თქმით დღეს, მოწმეების დაკითხვამ იარაღის დაფვლის ბრალდება გააბათილა:
“სხდომა 19 ნოემბერს კვლავ ბრალდების მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება, ჩვენ აღარ შევუშლით ბრალდებას ხელს იმიტომ, რომ ძალიან კარგი მოწმეები ჰყავთ. მას შემდეგ რაც მათი დაკითხვა მორჩება ჩვენს მოწმეებს დავკითხავთ”, – აღნიშნა ზვიად კორძაძემ.
მოწმეთა დაკითხვისას არსებულ განსხვავებებს დარბაზში ტაში და შეძახილები მოჰყვა. ამის გამო მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ სასამართლოს სხდომა დახურულად გამოაცხადა. თუმცა მომდევნო სხდომა, რომელიც 19 ნოემბერს ჩაინიშნა კვლავ ღია იქნება.