ახალი ამბები

შსს-მ მარტვილში ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ორი ადამიანი დააკავა

17 მარტი, 2017 • 2000
შსს-მ მარტვილში ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ორი ადამიანი დააკავა

შსს-ს ცნობით, მარტვილის რაიონში საცხოვრებელი სახლის ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ორი ადამიანი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულები 2017 წლის 15 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ სახლს, საიდანაც ფული და ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

პოლიციის ცნობით, პ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ „აბრეზი“ ამოიღო. რ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 9,0012 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რ.მ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, აცხადებს პოლიცია.

გამოძიება ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლებით (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 236-მუხლის მე-2 ნაწილით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი