ნეტგაზეთი | საზმაუმ GDS-ის 20/30-ის 5 ყოფილი თანამშრომელი დაიმატა საზმაუმ GDS-ის 20/30-ის 5 ყოფილი თანამშრომელი დაიმატა – Netgazeti

საზმაუმ GDS-ის 20/30-ის 5 ყოფილი თანამშრომელი დაიმატა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 5 ახალი კადრი დაიმატა, რომლებიც მანამდე ტელეკომპანია GDS-ზე 20:30-ში მუშაობდნენ. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, დამატებული თანამშრომლები ნიუსრუმის ახალი კონცეფციის ფარგლებში შექმნილ თანამდებობებს დაიკავებენ:

“ჩვენ დღეს 5 თანამშრომელი მივიღეთ: ეკა შონია არის დაგეგმვის რედაქტორი, დანარჩენი 3 არის: ნათია თოიძე, თამუნა კენკიშვილი და მაია ჭიჭულაშვილი. ესენი არიან დღის ახალი ამბებისა და დაგეგმვის რედაქტორები. ასევე არის ირინა დეკანოიძე, რომელიც ვებ-რედაქტორი იქნება,” – აცხადებს გვიმრაძე და ადასტურებს ინფორმაციას, რომ ახალი თანამშრომლები კონკურსის წესით არ მიუღიათ:

“მოლაპარაკებების გზით, მათან შეხვედრებით… შეგვიძლია ისეც ვქნათ დ ასეც. არ იყო რაიმე ვალდებულება, რომ გინდა თუ არა კონკურსით მიგვეღო ამ თანამდებობაზე ადამიანები,” – აცხადებს გვიმრაძე და დასძენს, რომ მან ზემოხსენებულ ჟურნალისტებს პირველ არხზე მუშაობა როგორც ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა პირადად შესთავაზა.

“მოტივაცია პირველ რიგში იყო ის, რომ ჩვენ ნიუსრუმში კადრები გვჭირდება, რომელსაც საინფორმაციო საქმიანობის გამოციდლება აქვთ და შემდეგ, ცხადია, ჩვენ მათ მუშაობასთან არანაირი პრეტენზია არ გვქონია, პირიქით. მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარება”.

  • მოსწონდა თუ არა გვიმრაძეს 20:30?

“კი ბატონო, ეს ადამიანები ქმნიდნენ… 20-30-ს ჰქონდა რაღაცები…  მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი… რატომ არ გაკეთდა, [ალბათ] სხვა მიზეზები აქვს ამას და არა ეს ადამიანები, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთად შეგვიძლია საქმის კეთება,” – ამბობს გვიმრაძე და აცხადებს, რომ GDS-ის სხვა ყოფილ თანამშრომლებთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებებს:

“სხვა ადამიანებთან ახლაც გვაქვს ურთიერთობა, მათ შორის GDS-დან, სხვებთანაც, სხვა მედიის წარმომადგენლებთანც გვაქვს, რადგან ჩვენ კადრების დამატების აუცილებლობის წინაშე ვდგავართ ნიუსრუმის ნაწილში, მათ შორის შიგნიდანც იგეგმება ადამიანების გადმოყვანა… თუ ჩვენით ვერ ვნახავთ, შეიძლება კონკურსებიც გამოვაცხადოთ.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com