კვლევაში გამოიკვეთა, რომ მონიტორინგის სუბიექტის ნაწილის მიერ არ ხდება ინფორმაციის გაცემა კანონით განსაზღვრულ ვადებში. გარდა ამისა, მონიტორინგის სუბიექტების ნაწილი საერთოდ არ ასრულებს, ან არასრულფასოვნად ასრულებს 10 დეკემებრის ანგარიშების პარლამენტის და პრეზიდენტისთვის წარდგენის ვალდებულებას; ზოგიერთ მონიტორინგის სუბიექტში არ ხდება, ან არასრულფასოვნად ხორციელდება საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრში წარმოება; ადმინისტრაციული ორგანოების დიდი ნაწილი საჯარო ინფორმაციის პერსონალურ მონაცემებად მიიჩნევის საბაბით ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის საჯარო ფინანსების და ქონების ხარჯვაზე სამოქალაქო მონიტორინგს- აცხადებს საია, კვლევის საფუძველზე.
კვლევა აჯამებს 2011 წლის მანძილზე ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოში. კვლევაში განხილული საკითხებია- განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურების დაცვა, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრის წარმოების ვალდებულების შესრულება, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო ადმინისტრაციულ ორგანოებში წარდგენილი საჩივრების განხილვის პრაქტიკა, სასამართლო პრაქტიკის ძირითადი მიმართულებები ინფორმაციის თავისუფლების დავებზე.
ანგარიში მომზადდა საიას მონიტორინგის ჯგუფის მიერ, რომელმაც კვლევა 40 ადმინისტრაციულ ორგანოში ჩაატარა.
კვლევის პერიოდში, მონიტორინგის ჯგუფმა 10 დეკემბრის ანგარიშები გამოითხოვა საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. როგორც საიას ანგარიშშია ნათქვამი, მათ ინფორმაცია დაუბრკოლებლად გადასცეს. პარლამენტმა – 10- დღიანი ვადის გამოყენებით, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაციის მისაწოდებლად 14 დღე დასჭირდა.
საიას ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოიკვეთა არაერთგვაროვანი პრაქტიკა ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე არა მხოლოდ სხვადასხვა, არამედ ერთი უწყების შიგნით.
“იდენტიფიცირებულია ინფორმაციის გამოთხოვნასა და მიღებასთან დაკავშირებული დარღვევები, რომლის თანახმად, პირებმა გამოთხოვნილი ინფორმაციის მხოლოდ 42%-ზე მიიღეს პასუხი. ინფორმაციის გაუცემლობა და მისი გასაიდუმლოება ხშირად უსაფუძვლოდ ხდებოდა, რის გამოც ხშირ შემთხვევაში საერთოდ შეუძლებელი იყო ინფორმაციის მიღება, იყო შემთხვევები, როდესაც საჯარო დაწესებულებები ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე საერთოდ არ რეაგირებენ”.
ანგარიშის მიხედვით, ხშირად ინფორმაცია არ გაიცემოდა იმ მიზეზით, თითქოს იგი შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს. მათ შორისაა- საჯარო მოხელეების ხელფასები, პრემიები, სამივლინებო ხარჯები.
