ახალი ამბები

ცოლისთვის ყურების დაჭრისა და მეზობლის წამებისთვის ბრალდებულს 12 წელი მიუსაჯეს

15 მარტი, 2017 • 3793
ცოლისთვის ყურების დაჭრისა და მეზობლის წამებისთვის ბრალდებულს 12 წელი მიუსაჯეს

მტავარი პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამებისთვის და განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ზ. ს. დამნაშავედ სცნო და 12 წელი მიუსაჯა.

“2016 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონში, ზ.ს.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს და მეზობელს  დასჯისა და წამების მიზნით როგორც ფიზიკურად,  ასევე  ბლაგვი საგნების გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენა, ხოლო შემდეგ ორივე მათგანს დანით მარცხენა ყური მოაჭრა. ზ.ს.- ს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი მეზობელი შემთხვევის  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეუღლემ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო. სამართალდამცველებმა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე  დააკავეს,”- აცხადებს პროკურატურა.

2016 წლის 12 ივლისს მოკლულის ნათესავებმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადეს, რომ ზ.ს. ცოლს სისტემატურად სცემდა, ხოლო მოკლულ მამაკაცს ცოლი და 5 შვილი ჰყავდა.

ზ.ს.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 წილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), და 111-1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (წამება ჩადენილი ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი