ირაკლი ოქრუაშვილისა და კიდევ 6 პირის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა განიხილავს. უცვლელი არიან ბრალმდებელი პროკურორებიც – ჯაბა გურგენიძე და ელიზბარ გოზალიშვილი, რომლებიც ბრალდების პირვანდელ ხაზს აგრძელებენ და ამ მხრივ ჯერჯერობით ცვლილება არ არის.
მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 28 ივნისს განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის და “ქართული პარტიის” ერთ–ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო “უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით, რაც 6–დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება შემდეგ პირთა ბრალეულობის საკითხი: იოსებ გიგუაშვილი, გიორგი გაბროშვილი, ხვიჩა საბაშვილი, თამაზ ბეგიაშვილი, ზაზა მეგრელიძე, გაბრიელ პავლიაშვილი. ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად, აღნიშნული პირებიც ამ დრომდე იმალებოდნენ და მათზე ძებნა იყო გამოცხადებული. მათ ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობას, ასევე 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ნიშნავს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას და ტარებას.
“ირაკლი ოქრუაშვილსა და დანარჩენ პირებს საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ გაუჩნდათ განცდა, რომ ისარგებლებდნენ სამართლიანი სასამართლოთი. მათ იცოდნენ, რომ ისედაც დააპატიმრებდნენ, მაგრამ მაინც დაბრუნდნენ საქართველოში”, – განაცხადა სასამართლოზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, რასაც დანარჩენი ადვოკატებიც დაეთანხმნენ. ადვოკატებმა ამ გარემოების გათვალისწინებით მოსამართლესთან დააყენეს შუამდგომლობა, რომ მათთვის აღმკვეთი ღონისძიება, პატიმრობა არ გამოეყენებინა, რაც შეეხება ოქრუაშვილს, ისედაც ციხეში იქნებოდა(მას სხვა დანაშაულისთვის უკვე მისჯილი აქვს 11–წლიანი პატიმრობა).
ზვიად კორძაძისვე თქმით, “საფრანგეთის ხელისუფლებამ ირაკლი ოქრუაშვილს იმიტომ მისცა პოლიტიკური დევნილის სტატუსი, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა პოლიტიკური პროცესი და, როგორც ჩანს, ეს დღესაც გრძელდება”. აღნიშნულს თავად ოქრუაშვილიც დაეთანხმა.
პროკურორები აღნიშნულს არ დაეთანხმნენ, რადგან მიიჩნიეს, რომ არსებობს აღნიშნულ პირთა ხელახლა მიმალვის საფრთხე. პროკურორ ჯაბა გურგენიძის თქმით, აღნიშნული პირები სამართალდამცავებს კი არ ჩაბარდნენ, ისინი სამართალდამცავებმა დააკავეს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, პოლიტიკური ვითარების შეცვლასთან დაკავშირებით კი პროკურორმა განაცხადა:
“თუ დაცვის მხარის ლოგიკას გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ თუ ხვალ კიდევ შეიცვალა პოლიტიკური ვითარება, ისინი ისევ შეიძლება მიიმალნონ”.
პროკურორმა მოსამართლეს თხოვა, მოეწოდებინა დაცვის მხარისათვის, თავი შეეკავებინათ პოლიტიკური განცხადებებისგან, რათა მიეცათ საშუალება სასამართლოსთვის, მიუკერძოებლად განიხილოს საქმე.
საბოლოოდ მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა და მათი შუამდგომლობა აღნიშნულთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. მოსამართლის აზრით, არსებობს ბრალდებულთა მიმალვისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, რის გამოც ისინი უნდა დარჩნენ პატიმრობაში.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა დაცვის მხარეს, რის შემდეგაც მისი აცილების

საკითხი დააყენეს. ადვოკატ ლალი აფციაურის განცხადებით, მოსამართლე ვერ გაექცა პროკურატურის ზეგავლენას და ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც პროკურატურას სურდა. სწორედ ამიტომ მან და სხვა ადვოკატებმა მოსამართლის აცილების საკითხი დააყენეს, რაც უსაფუძვლობის გამო ასევე არ დაკმაყოფილდა. როგორც მოსამართლემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით განმარტა, საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება და გადაწყვეტილება არ შეიძლება მოსამართლის აცილების საფუძველი გახდეს.
მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა ოქრუაშვილის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის თვითაცილების საკითხი, რისი სურვილიც ირაკლი ოქრუაშვილმაც გამოთქვა. მან განაცხადა, რომ არ საჭიროებდა სახაზინო ადვოკატს, რადგან მას მისი ნდობით აღჭურვილი სხვა ადვოკატები დაიცავდნენ. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ არც აღნიშნული დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, განსასჯელს უფლება აქვს, მხოლოდ მისი ნებით შერჩეული ადვოკატი გამოცვალოს ნებისმიერ ეტაპზე და არა – სახაზინო წესით დანიშნული, რაც კიდევ ერთხელ გახდა ადვოკატთა უკმაყოფილების მიზეზი.
შუამდგომლობების განხილვის შემდეგ მოსამართლემ მხარეების შესავალი სიტყვა მოისმინა. ბრალდების მიხედვით, ირაკლი ოქრუაშვილმა 2011 წელს, გაზაფხულზე, ზუსტად დაუდგენელ დროს შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება და მასში გააწევრიანა მისი თანამოაზრები, ასევე, გამოძიებით დაუდგენელი პირები. პროკურატურის ვერსიით, ირაკლი ოქრუაშვილი 2011 წლის მაისში 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შემოსულიყო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, სადაც მას უნდა დახვედროდა 20 ქართველისგან შემდგარი შეიარაღებული ჯგუფი, რომლებსაც ერთად უნდა განეიარაღებინათ ქართული პოლიციის საგუშაგოები და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაზე თავდასხმა მოეწყოთ.
როგორც პროკურორები აცხადებენ, გამოძიების შედეგად სამართალდამცავებმა აღნიშნულ პირთა ნაწილი მაშინვე დააკავეს, ნაწილზე კი ძებნა გამოცხადდა, სამართალდამცავებმა კი გორში, ერთ–ერთი სახლიდან ამოიღეს ასაფეთქებლი ნივთიერებები და საბრძოლო მასალა.
ბრალდებულთა ადვოკატები პროკურატურის ბრალდებას შეთითხნილს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ არ არსებობდა არანაირი შეიარაღებული ფორმირება და ეს ყველაფერი მოწყობილი იყო წინა ხელისუფლების მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და მის თანამოაზრეთა პოლიტიკური დევნის მიზნით. მათი თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უკანაონო შეიარაღებული ფორმირების არსებობას.
ოქრუაშვილის ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ვერანაირად ვერ შექმნიდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას, რადგან ის ამ პერიოდში იმყოფებოდა საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით და მას მუდმივად იცავდა საფრანგეთის ხელისუფლების მიერ გამოყოფილი დაცვის სამსახური.
ირაკლი ოქრუაშილის სასამართლო პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში ასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. მოსამართლემ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებიდან 2 წუთის განმავლობაში მისცა ფოტო–ვიდეოადაღების საშუალება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავარმა პოროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გუშინ, 4 დეკემბერს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრესსაამსახურთან შეთანხმებით ნებისმიერი პროკურორი უპასუხებდა ჟურნალისტების შეკითხვებს კანონით დაშვებული შესაძლებლობის ფარგლებში, ოქრუაშვილის საქმის პროკურორმა მოუცლელობის მოტივით დღეს ამაზე უარი განაცხადა. მთავარი პროკურორი ჟურნალისტებს დაპირდა, რომ აღნიშნული უწყება ამიერიდან უფრო გახსნილი იქნება და არ გაგრძელდება პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც საქმის პროკურორებს ჟურნალისტებთან საუბარი ეკრძალებოდათ.
