„ამ წუთშიც ვზივარ ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან და ვფიქრობთ პედაგოგთა სერტიფიცირების სისტემის გაუმჯობესებაზე, ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ მასწავლებელს და შემდეგ როგორ მივადევნოთ თვალი პროცესს,“- ამბობს მინისტრის მოადგილე.
მზია ბეკოშვილი თბილისის 63-ე საჯარო სკოლაში თითქმის 16 წელია დაწყებითი კლასების სერტიფიცირებული მასწავლებელია, მაგრამ მისი მოსწავლეების მშობლებმა ამის შესახებ არ იციან. არც ისინი დაინტერესებულან პედაგოგის კვალიფიკაციით და არც მასწავლებელს უცნობებია მათთვის ეს.
„სიმართლე გითხრათ, გამოცდების შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის. არ მისწავლია ისეთი რამე, რაც აქამდე არ ვიცოდი. სულაც არ ვფიქრობ იმას, რომ 15 წელი, როდესაც ეს გამოცდები არ მქონდა ჩაბარებული და სერტიფიცრებული პედაგოგი არ ვიყავი, თაობები დავღუპე. სიახლე კი ის იყო, რომ აქა-იქ უცხო ტერმინები მხვდებოდა ტესტებში,“- ამბობს მზია ბეკოშვილი.
ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც გადაწყვიტა სერტიფიცირების გამოცდები ჩაებარებინა, სამსახურის გარეშე დარჩენის შიში იყო.
ამავეს ფიქრობს 63-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებელი ეკა ასათიანი.
„არავინ ვიცოდით, რა მოხდებოდა, თუ ამ გამოცდებს არ ჩავაბარებდით. სხვა მხრივ, ისევ ისეთი ვარ კლასში, როგორიც სერტიფიცირებამდე ვიყავი.“
იმის გამო, რომ შეფასების სისტემა, რომელიც საკლასო ოთახში მიმდინარე პროცესებს შეაფასებს, არ არსებობს, პედაგოგის აზრი, რომ სერტიფიცირებამ მნიშვნელოვანი არაფერი მისცა, სუბიექტურად რჩება.
სერტიფიცირების დღევანდელი სისტემის ყველაზე დიდ ნაკლად პედაგოგის მხოლოდ თეორიული ცოდნის შეფასება მიიჩნევა.
„სერტიფიცირების სახით დღეს, უბრალოდ, გვაქვს სათაური, რომელიც არანაირ სხვა ინფორმაციას არ იძლევა. აქ არ არის საუბარი შეფასების ხარისხზე, უბრალოდ, არ გვაქვს შეფასების სისტემა. წარმოუდგენელია ვისაუბროთ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე, თუ ვერ ვადევნებთ თვალს სასწავლო პროცესს. პედაგოგი, რომელიც, მაგალითად, კომპიუტერის გამოცდას ჩააბარებს, როგორ გავიგებთ, იყენებს თუ არა ის მას გაკვეთილზე? მან რომ აჩვენა ცოდნა, ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ის ამ ცოდნას იყენებს. ამ ცოდნის გამოყენებას ჭირდება უნარ–ჩვევები. დიდია განსხვავება ცოდნასა და კომპეტენციაში, – შეიძლება მქონდეს ცოდნა, მაგრამ სრულებით არ ვიყო კომპეტენტური,“ – ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე.
პედაგოგები თავადვე აღიარებენ, რომ იმ მეთოდოლოგიას, რომელიც თეორიულად შეისწავლეს, ან აქამდეც იცოდნენ, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იყენებენ.
ერთ-ერთი მიზეზი საკლასო ოთახების შეუსაბამო ინფრასტრუქტურაა.
„თანამედროვე ტიპის გაკვეთილები მეც ძალიან მომწონს, მაგრამ ხშირად, პრაქტიკულად, ამ დავალებების შესრულება შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ან არასაკმარისი სივრცის ან ხელსაწყოების გამო ვერ ხერხდება. ხშირად ეს ფუფუნებაა საჯარო სკოლებისთვის. პირადად მე, როგორც დამრიგებელს, კარადაც არ მაქვს, რომ რაიმე ნივთები შევინახო,“- ამბობს დაწყებითი კლასების მასწავლებელი მზია ბეკოშვილი.
კიდევ ერთი პრობლემა, რატომ არ ატარებს პედაგოგი თანამედროვე სტილით გაკვეთილებს, მოსწავლეთა დიდი რაოდენობაა.
„როცა 30 ბავშვი გიზის გაკვეთილზე, რთულია მერხების შემობრუნება, გადაადგილება და მოწყობა, რომ ისეთი გაკვეთილი ჩაატარო, რაც თეორიულად იცი.“
ერთი პოზიცია აქვთ სერტიფიცირებული პედაგოგებს, განათლების სამინისტროსა და განათლების საკითხთა მკვლევარებსაც, კომპიუტერისა და ინგლისური ენის გამოცდებთან დაკავშირებითაც, რომელთა წარმატებული ჩაბარებით პედაგოგთა სახელფასო დანამატი 1000 ლარამდე იზრდება.
„მე არ მჭირდება კლასში ინგლისური, ისედაც შემოდის მასწავლებელი. უნდა მასწავლონ ის, რაც მე მინდა და მჭირდება რეალურად. რომც ვიცოდე ინგლისური, არ ვარ ვალდებული ვასწავლო და რატომ უნდა ჩავაბარო გამოცდა და, მით უმეტეს, რატომ უნდა მიხადოს ამაში ფული სახელმწიფომ?!“- ამბობს მზია ბეკოშვილი.
სერტიფიცირების პროცესის განვითარებასა და დახვეწაზე საუბრობენ განათლების საკითხთა მკვლევარებიც.
„პრაქტიკის შემოწმება არ არის ადვილი, ვინაიდან არ ვიცით, რა უნდა შევამოწმოთ, ვინ უნდა შეამოწმოს, სად, როგორ, რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ მათ, ვინც შეამოწმებს. პარადოქსული სიტუაციაა, თითქოს ყველაფერი იქამდე მიგვყავს, რომ საკლასო ოთახებში მიმდინარე პროცესი შევაფასოთ. მაგრამ რეალურად სულ სხვა რამეს ვაფასებთ. რა თქმა უნდა, თეორიული ცოდნა მნიშვნელოვანია. მასწავლებელი სწავლობს იმ თანამედროვე მიდგომებს, რომელიც ან ნაკლებად იცოდა, ან საერთოდ არ იცოდა აქამდე. თუ რატომ არ იცოდა აქამდე და რატომ არ ასწავლიდნენ მას ამას, ეს კიდევ სხვა თემაა,“- ამბობს განათლების საკითხთა ექსპერტი პაატა პაპავა.
პაპავას განმარტებით, სერტიფიცირების აღნიშნულმა სისტემამ ზედაპირზე კიდევ ერთი პრობლემა გამოაჩინა:
„უნდა გადაიხედოს მასწავლებლის სტანდარტის დოკუმენტი, სადაც უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ დაკონკრეტებული, რა უნდა მოეთხოვებოდეს მასწავლებელს. ეს დაეხმარება ტესტების ავტორებს მათ შექმნაში. დღეს ამ დოკუმენტს მეტი კონკრეტულობა სჭირდება.“
მისივე აზრით, კვალიფიციური მასწავლებლებით ქვეყნის უზრუნველყოფისთვის საუნივერსიტეტო მომზადების როლიც უმნიშვნელოვანესია.
თამარ მოსიაშვილი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი და განათლების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მთავარი ხარვეზი მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესში არის ის, რომ არ იძლევა მასწავლებლის პროფესიაში შესვლისა და პროფესიული განვითარების ნათელ სურათს.
“ერთია, ცოდნას როგორ ამოწმებს სასერტიფიკაციო გამოცდა, და მეორე, რამდენად ეფექტიანია სერტიფიცირებული მასწავლებლის საქმიანობა. დღეს მასწავლებლები ემზადებიან გამოცდებისთვის, სატრენინგო პროგრამების ძირითადი მიზანი არის, დაეხმაროს მასწავლებლებს, ჩააბარონ სასერტიფიკაციო გამოცდა. პრაქტიკულად საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა მთლიანად ფოკუსირებულია გამოცდებზე, არ ჩანს, რომ საზოგადოებას აინტერესებს ის, რასაც მასწავლებლის შემოქმედებითი წვა ჰქვია.”
განათლების საკითხთა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მასწავლებელმა უნდა იცოდეს სწავლებისა და განვითარების თეორიები, იცოდეს ის, რაც წარმატებული ქვეყნების მასწავლებლებმა იციან.
“მაგრამ საკითხი დღეს ასე დგას: რა არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი დღეს საქართველოსთვის? გაამკაცროს მასწავლებლობის კრიტერიუმები და იცოდეს, რამდენი კონკურენტუნარიანი მასწავლებელი ჰყავს, თუ დაწიოს სტანდარტი და განაცხადოს, რომ გვყავს ძალიან ბევრი სერტიფიცირებული და მაღალი კატეგორიის მასწავლებელი. ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ყველაზე მთავარი რეალობის გააზრებაა, მნიშვნელოვანია აღმოვაჩინოთ, წავახალისოთ მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლები. არ უნდა შეგვაშინოს სავარაუდოდ მცირე რაოდენობამ. ეს არ უნდა გახდეს მასწავლებლებზე ზეწოლისა და მათი დევნის საბაბი,”- ამბობს მოსიაშვილი.
მისივე განმარტებით, კონკურენტუნარიანი მასწავლებლების იდენტიფიცირება სასერტიფიკაციო გამოცდაზე შეუძლებელია.
“ეს მხოლოდ ერთი რგოლია. დღეს გვესაჭიროება მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, პროფესიული ზრდისა და კარიერული ზრდის პროცესის სრული ციკლის კარგად გააზრება, რაც შეუძლებელია, თუ სასერტიფიკაციო გამოცდა შეინარჩუნებს იმ დატვირთვას, რაც დღეს აქვს. დღეს უცნაურ ზღურბლთან ვიმყოფებით, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს აქვთ აზრის გამოთქმისა და თავისუფალი დისკუსიის საშუალება, არავინ დაისჯება მოსაზრების გამო. არა მგონია, გამოთქმული მოსაზრებების ცენზურა ან თვითცენზურა კვლავ აქტუალური იყოს, თუმცა ვხედავ რისკს, რომ თუ პროცესები არასწორად დაიგეგმა, აღმოვჩნდებით ე.წ. ,,კომფორტულ უძრაობაში“, საიდან გამოსვლაც გაცილებით რთული იქნება. დისკუსიის არსებობას კი მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების დროულობაც.“
როგორ იზრუნებს სახელმწიფო საკლასო ოთახებში მოსწავლეთა ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისთვის, როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, უკვე მუშაობენ, თუმცა პროცესს არ აჩქარებენ.
„იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ხარისხიანად გაკეთდეს, ამას სჭირდება სათანადო მომზადება, ადამიანური რესურსები, ფინანსები, სამოქმედო გეგმა, შეფასების სისტემა და ა.შ. სამინისტრო მუშაობს სერტიფიცირების პროცესის განვითარებასა და დახვეწაზე. ის, რაც არის ამჟამად, იქამდე იქნება, სანამ გაუმჯობესებული ვერსია არ ამოქმედდება. უმჯობესია საბოლოო პროდუქტზე ვისაუბროთ, ვიდრე მიმდინარე პროცესზე, იმიტომ, რომ ამას თან ახლავს ვნებათაღელვა. რთულია ხოლმე საზოგადოებისთვის გარჩევა, ეს არის პროექტი, სამუშაო ვერსია თუ საბოლოო გადაწყვეტილება. ჯობია გადაწყვეტილებები მივიტანოთ აუდიტორიამდე და შემდეგ კომპეტენტურ აუდიტორიაში მოვაწყოთ საჯარო განხილვები, სადაც ჩავრთავთ ექსპერტებს, დამოუკიდებელ პიროვნებებს და აკადემიურ წრეებს,“- აცხადებს ალუდა გოგლიჩიძე.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები 2010 წლიდან დაიწყო და ყოველწლიურად სერტიფიცირებულ პედაგოგთა რიცხვი რამდენჯერმე იზრდება. წლევანდელი მაჩვენებელი კი შარშანდელზე ორნახევარჯერ მეტი იყო და 8000-მდე მასწავლებელი შეადგინა. განათლების სამინისტროს 2010 წლის გადაწყვეტილებით, სასერტიფიკაციო გამოცდები ნებაყოფლობითი მხოლოდ 2015 წლამდე იქნებოდა.
|