ახალი ამბები

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორის რეგისტრაციის პროცესი შეაჩერა

11 მარტი, 2017 • 2827
საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორის რეგისტრაციის პროცესი შეაჩერა

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორის რეგისტრაციისს პროცესი შეაჩერა. რეესტრის გადაწყვეტილების თანახმად, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს.

წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის პირობებს შემდეგ გარემოებათა გამო:

“საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგისტრირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს.   სააგენტომ გადაწყვიტა, შეჩერდეს სარეგისტრაციო წარმოება და   შეჩერების სამართლებრივი საფუძვლის აღმოსაფხვრელად განისაზღვროს – 30 კალენდარული დღე,” – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განმარტებით, საჯარო რეესტრმა ტელევიზიის დირექტორის შეცვლის საკითხზე ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია მოითხოვა:

“მეწარმეთა კანონის შესაბამისად, გუშინ ვაპირებდით ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ჩაბარებას, ნოტარიუსიც მოყვანილი გვყავდა, მაგრამ მისი უწმინდესობა ქალაქიდან გავიდა და ვერ მოვასწარით ჩაბარება. დღს უკვე გვაქვს ეს დოკუმენტი და ორშაბათს ჩავაბარებთ საჯარო რეესტრს,- ამბობს ქარჩავა.

10 მარტს საპატრიარქომ დაადასტურა, რომ  ტელევიზია “ერთსულოვნების” ხელმძღვანელის პოსტზე მიტროპოლიტ პეტრე ცაავას,  მიქაელ ფოფხაძე შეცვლის, რომელიც ქაშუეთის ტაძრის წინამძღოლია.

დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მსახურობდა. ამასთან, მას უკვე აქვს საპატრიარქოს ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება.

დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე მოხსენიებულია ბასილ კობახიძის მიერ ნეტგაზეთზე გამოქვეყნებულ წერილში: არავითარი „ცალკეული მღვდლები“! წერილი 2013 წლის 17 მაისის მოვლენებს ეხება და ბასილ კობახიძე წერს, რომ ვიდეომასალაში მან სხვა სასულიერო პირებთან ერთად დეკნაოზი მიქაელ ფოფხაძეც დააფიქსირა.

“დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე, რომელიც მრავალი წელი ცხოვრობდა აშშ-ში და მუშაობდა რადიო „ამერიკის ხმაში“, – წერს წერილში კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი