“კონსტიტუცია ყველასია” დაგვიანებით? – რეაქციები პრეზიდენტის კამპანიაზე

მაშინ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებმა უკვე მეორე რაუნდის სხდომები დაასრულეს, პრეზიდენტმა სახალხო კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” დაიწყო.

დღეს, 10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში კამპანიის პრეზენტაციას მედია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოამდგენლები არ მისულან. პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კამპანიის დაწყების დაანონსების შემდეგ პრეზიდენტი რეზიდენტს საქართველოს პარლამენტთან და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიათან დაპირისპირებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტი “ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ,”- აცხადებდა კობახიძე.

კამპანია, რომელიც კონსტიტუციის შექმნის პროცესში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების ჩართულობას ითვალისწინებს, მოიცავს გასვლით შეხვედრებს რეგიონებში, სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ა.შ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 12 დეკემბერს უარი განაცხადა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე.

პრეზენტაციაზე დამსწრე სტუმრების ნაწილის უმეტესობა, ვისაც ნეტგაზეთი ესაუბრა, მიესალმებიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, თუმცა, ეჭვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად გაითვალსწინებს პრეზიდენტის ეგიდით ჩატარებული კამპანიის შედეგებს პარლამენტი.

გიორგი მარგველაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 10.03.2017

გიორგი მარგველაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 10.03.2017

“სამართლიანი არჩევნების” დირექტორი, მიხეილ ბენიძე გვეუბნება, რომ ის, რასაც პრეზიდენტი საზოგადოებას სთავაზობს, კარგია, მაგრამ აჯობებდა, ეს პროცესი წარმართულიყო პარლამენტთან შექმნილი კომისიის მუშაობის პროცესის პარალელურად, ან წინმსწრებად:

“ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად უნდა დაწყებულიყო გაცილებით უფრო ადრე და უფრო მეტი კოორდინაცია უნდა ყოფილიყო თავიდანვე მთლიანად საკონსტიტუციო კომისიასთან, მის თავმჯდომარესთან, იმისათვის, რომ ერთიანობაში განგვეხილა ეს თემა, ვფიქრობ, რომ ასე იქნებოდა ყველაზე კარგი გამოსავალი,”- განაცხადა მან.

მისივე თქმით, სპეკულაციები იქნება საუბარი იმაზე, თუ  რამდენად გაიზიარებენ თუ არ გაიზიარებენ პრეზიდენტის კამპანიის შედეგებს საკონსტიტუციო კომისია და პარლამენტი. თუმცა, ამბობს, რომ არსებობს რისკები, კომისიამ პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიაროს:

“დღეს მგონია, რომ ახლა რაც არ უნდა მომზადეს, უკვე თუ ბოლო ეტაპზე გადის, ყოველ შემთხვევაში, ასეთი გეგმა აქვს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს და უმრავლესობას, რომ უკვე ბოლოსკენ უნდა წავიდეს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ეს პროცესი, არ ვიცი რამდენად იქნება ადგილი, რომ გათვალისწინებული იქნას თუკი რაიმე დამატებითი მოსაზრებები წამოვა. ეს რისკი არსებობს,”- ამბობს მიხეილ ბენიძე.

“თავისუფალი დემოკრატი” შალვა შავგულიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მიერ ამ კამპანიის დაწყება სასარგებლო ინციატივაა. მისივე თქმით, ფაქტი, რომ პრეიდენტი არ მონაწილეობს სახემწიფო საკონსტიტუციო კომისის მუშაობაში, არის ამ კომისიის და მისი ორგანიზატორების ბრალი, რადგან მათ შესაბამისი ფორმატით ჩართულობა არ შესთავაზეს.

“სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ბევრ პოზიტიურ დებულებებს გაითვალისწინებს საერთოდ, არათუ პრეზიდენტის მიერ ამ ფორმატით მიწოდებულს, არამედ საკონსტიტუციო კომისიაში მომუშავე სხვადასხვა სუბიექტების მიერ მიწოდებულს. ვფიქრობ, ეს კომისია მაინც შექმნილია იმისთვის, რომ სრული უზურპაცია მოხდეს ძალაუფლებისა მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში, სხვადასხვა გზებით, სხვადასხვა ფორმებით,”- ამბობს შალვა შავგულიძე.

რესპუბლიკელი თამარ კორძაია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრეზენტაციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 10.03.2017

რესპუბლიკელი თამარ კორძაია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრეზენტაციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 10.03.2017

“მოძრაობა ევროპული საქათველოსთვვის” წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიის მხრიდან პროცესების თანხვედრა  უნდა მოხდეს – “საჯარო განხილვა და ხალხის ხმის მოსმენა  სავალდებულოა ყველასთვის, დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული საკონსტიტუციო კომისიის თითოეული წევრით და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარისთვისაც,”- აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.

“ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ ასეთი პოზიტიური ინიციატივა არ ახსენდება და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის ამ ნაბიჯს გამოიყენებს:

“ვფიქრობ, მისალოცად აქვს საქმე ქართულ ოცნებას ასეთი პოზიტიური პროცესის გამო და ამის ვერგამოყენება, დაწყებული რიგითი მოქალაქეებით, დამთავრებული პირველი მოქალაქით, უბრალოდ არ შეიძლება. ეს არის მართლაც ძალიან კონსტრუქციული ხელის გაწოდება ხელისუფლებისათვის. ვფიქრობ, ისეთ უჭკუობას არავინ არ გამოიჩენს, რომ ეს პროცესი არ გამოიყენოს, როგორც პოზიტიური პროცესი,”- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მამუკა კაციტაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 10.03.2017

მამუკა კაციტაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 10.03.2017

პრეზიდენტის მიერ კამპანიის პრეზენტაციას დასწრნენ საკონსტიტუციო სასამართოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების ნაწილიც. საკონსტიტუციოს ყოფილმა მოსამართლემ, ქეთევან ერემაძემ, ნეტგაზეთის კითხვაზე, ხომ არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა კამპანიაში, განაცხადა, რომ ეს საინტერესო გამოწვევაა:

“20 წელი ვიმუშავე საკონსიტტუციო სასამართლოში, დღესაც ლექციებს ვკითხულობ კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის პროფესიული თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა და როგორც მოქალაქისთვისაც, გამოწვევაა, ამიტომ, რა ფარგლებშიც ეს სასურველი და შესაძლებელი იქნება, აქტიურად ჩავერთვები,”- განაცხადა მან.

ერემაძემ ასევე აღნიშნა, რომ პროცესში საზოგადოების ჩართულობას მიესალმება.

ქეთევან ერემაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 10.03.2017

ქეთევან ერემაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 10.03.2017

“სწორად აღინიშნა, საქართველოს კონსიტუცია არის თითოეული მოქალაქის კონსტიტუცია, ამიტომ, რაც უფრო ფართო ჩართულობა და მჭიდრო იქნება შემხებლობა იქნება თითოეულ მოქალაქესთან, მით უფრო მეტი სანდოობა იქნება პროცესის მიმართ, ისე, როგორც მოქალაქეების პასუხისმგებლობა იქნება კონსტიტუციის როგორც მოხმარების, ისე დაცვის პროცესში,”- განაცხადა ქეთევან ერემაძემ

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი, გოჩა თევდორაძე ამობს, რომ მხარს უჭერენ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს.

გოჩა თევდორაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 10.03.2017

გოჩა თევდორაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 10.03.2017

“საქართველოს პატრიოტღა ალიანსი აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისის მშაობაში. უთუოდ მხარდასაჭერია დღეს პრეზიდენტის ინსიტუტის მიერ წარმოდგენილი წინადადებები, უფრო მეტი ინფორმირებულობისათვის, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში საზოგადოების ფართო ნაწილის ჩართვისა, მხარდასაჭერია ეს წინადადებები და ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ამ პრცესში,”- განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი