“სპონტანური და დაუორგანიზებელი მარში” – ასე უწოდა სომხეთში ფემინისტების ჯგუფმა, ერევნის ქუჩებში 8 მარტს გამართულ მარშს.
მთელი დღის განმავლობაში სომხეთის დედაქალაქის ქუჩებში ყვავილებითა და ბუშტებით მოსეირნე გოგონები თვალს აყოლებდნენ ვარდისფერ და წითელთმიან, ცოცხებითა და აქანდაზებით შეირაღებულ დემონსტრანტებს, რომლებიც სომხეთის საზოგადოებისთვის ტაბუდადებულ საკითხებზე სიტყვით გამოდიოდნენ.
დემონსტრანტების მარში ერევანში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, სადაც ფემინისტებმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ტექსტები წაიკითხეს. შემდეგ აქციის მონაწილეებმა გარეგინ ნჟდეს ძეგლისკენ დაიწყეს მსვლელობა, სადაც ასევე წაიკითხეს ტექსტები მილიტარიზმისა და ნაციონალიზმის შესახებ. ფემინისტები სიტტყვით ეროვნული უშიშროების სამინისტროს შენობასთანაც გამოვიდნენ.
“ჩვენ არ დავბადებულვართ ქალებად, ჩვენ დავიბადეთ სომეხ ქალებად, რომლებიც დაბადებიდანვე არ ყოფილან სასურველები, რადგან აქ უხარიათ ბიჭების დაბადება, მომავალი ჯარისკაცების”.
“სომეხ ქალს აუცილებლად უნდა ჰყავდეს შვილი ბიჭი და ქმარი. ოჯახს უნდა მიხედოს. თუკი ოჯახი არ გვაქვს – დაკარგულები ვართ”.
სხვადასხვა ტიპის მოწოდებებთან ერთად, აქციის დროს მოწოდებები გაკეთდა სომხეთის ეკლესიას მიმართაც, რომლის დროსაც, ფემინისტებმა ეკლესიას მოუწოდეს “თავი შორს დაიჭიროს ქალის სხეულისგან”.
დაპირისპირებისა და წინააღმდეგობების რისკის გამო, აქციაზე ფემინისტებს მედიისთვის ინტერივუები არ მიუციათ.