ახალი ამბები

ანა ნაცვლიშვილი: მტკიცებულებების შერჩევითად გასაჯაროვება სწორი არაა

9 მარტი, 2017 • 2707
ანა ნაცვლიშვილი: მტკიცებულებების შერჩევითად გასაჯაროვება სწორი არაა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურის მხრიდან შერჩევითად ვიდეო მტკიცებულებების გასაჯაროვება სწორი ქმედება არ არის.

“ზოგადად არ მგონია სწორი, რომ მტკიცებულებების გასაჯაროვება მითუმეტეს შერჩევითად, სწორი ქმედება იყოს პროკურატურის მხრიდან, მართალია, პროკურატურამ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს უნდა უპასუხოს, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, კონკრეტულად რა მოქმედებები ხორციელდება, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ შერჩევითად მტკიცებულებების გასაჯაროვება, მაშინ როდესაც მათი ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს, ასევე არ არის სწორი მოქმედება და არ არის მხარეთა თანასწორობის პრინციპის პატივისცემა. საბოლოო საკითხი, რაც ამ ყველაფერში პრობლემურია, არის ის, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც პროკურატურამ უნდა ამტკიცოს ადამიანის მხრიდან დანაშაულის ჩადენა, ხოლო დაცვის მხარემ ამტკიცოს პირის უდანაშაულობა, არის სასამართლო. ეს არ უნდა იყოს ტელეკამერები, ეკრანი და ქუჩა. ამიტომ პროკურატურამ უპირველესად პატივი უნდა სცეს სასამართლოს და შემოინახოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, ძლიერი თუ სუსტი, ბრალეულობის სამტკიცებლად და ეს გააკეთოს სასამართლოში და არა საზოგადოებრივ აზრზე არათანასწორ პირობებში მანიპულაციების მცდელობებით”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით. მიტროპოლიტი პეტრე აცხადებს, რომ ეს იყო თეთრუაშვილის მიერ ორგანიზებული პროვოკაცია, რომელსაც დეკანოზი მამალაძე წამოეგო. პროკურატურამ 8 მარტს გამოაქვეყნა ჩანაწერები, რომელიც ასახავს დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის ფარულად ჩაწერილ საუბრებს. ჩანაწერში დეკანოზი გიორგი მამალაძე ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს თხოვს ციანიდის შოვნას, ასევე, დეკანოზი საუბრობს, რომ შორენა თეთრუაშვილი “დასაბრედია” და ის “მარილზე უნდა გაუშვან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი