ახალი ამბები

მიტროპოლიტი პეტრე: პროკურატურის ჩანაწერებმა დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი

9 მარტი, 2017 • 1777
მიტროპოლიტი პეტრე: პროკურატურის ჩანაწერებმა დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდის სხდომის დაწყებამდე აცხადებს, რომ მომხრეა საეკლესიო სამართლის ამუშავების, თუმცა არ იცის, დღეს წინასწარ რა საკითხები იქნება განხილული სინოდის სხდომაზე.

“საკითხებს ვერ გეტყვით, რამეთი წინასწარ უწყება არ ყოფილა. შემიძლია ვივარაუდო, რომ საერო სამართლისგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული, ჩვენ ვიმსჯელებთ, გავაგრძელებთ ჩვენს მიერ დაწყებული თემით. მე მომხრე ვარ, რომ საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

დღეს საპატრიარქოში სინოდის რიგგარეშე სხდომა იმართება, რაც განპირობებულია ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, როდესაც დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებულია პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით. ხოლო მიტროპოლიტი პეტრე მიიჩნევს, რომ ეს იყო თეთრუაშვილის მიერ ორგანიზებული პროვოკაცია, რომელსაც დეკანოზი მამალაძე წამოეგო.

8 მარტს პროკურატურამ გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერების ნაწილი, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს თხოვს ციანიდის შოვნას, ჩანაწერში დეკანოზი საუბრობს, რომ შორენა თეთრუაშვილი “დასაბრედია” და ის “მარილზე უნდა გაუშვან”.

“ამ ჩანაწერებმა დაგვანახამ,თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი, თუ რა არასახარბიელო გარემოცვაა საპატრიარქოს წიაღში და რამდენად საჭიროა რაღაც მსგავსი რუს-ურბნისის კრებისა. რაც შეეხება იმას, რომ მამა გიორგი არავის მოსაწამლად არაფრით არ მიდიოდა, ამაში ვარ დარწმუნებული”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს. მიტროპოლიტი პეტრე აცხადებს, რომ საპატრიარქოში დაპირისპირების სათავე შორენა თეთრუაშვილია, რომელსაც, მისი თქმით, “განუსაზღვრელი ძალაუფლება” აქვს.

მიტროპოლიტო პეტრე ცაავა, 9.03.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მიტროპოლიტო პეტრე ცაავა, 9.03.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი