ახალი ამბები

აბესაძე: ციანიდის საქმეზე მთავარი პროკურორის პირველი განცხადება პოლიტიკური შინაარსის იყო

8 მარტი, 2017 • 2909
აბესაძე: ციანიდის საქმეზე მთავარი პროკურორის პირველი განცხადება პოლიტიკური შინაარსის იყო

საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს პროკურატურის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე მტკიცებულებათა გასაჯაროების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი, ირაკლი აბესაძე მბობს, მტკიცებულებები წინააღმდეგობრივია და ისინი ამყარებს მოსაზრებას, რომ მთავარი პროკურორის მიერ პირველად გაკეთებული განცხადება მიმართული იყო საზოგადოებაზე არასწორი გავლენის მოხდენისკენ:

“გამოქვეყნებულმა წინააღმდეგობრივმა მტკიცებულებებმა კიდევ ერთხელ გაამყარა მოსაზრება, რომ მთავარი პროკურორის პირველ დღეს გაკეთებული განცხადება იყო მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის და მიმართული, რომ საზოგადოებაზე მოეხდინა არასწორი ზეგავლენა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მთავარი პროკურორი არის მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური შოუს მონაწილე და იმ უკანონო, ხშირად დანაშაულებრივი ზრახვების შემსრულებელი, რომელსაც ივანიშვილი იყენებს საკუთარი არაფორმალური მმართველობისას”  – ამბობს დეპუტატი.

აბესაძის თქმით, მთავარი პროკურორი დაკავებული უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენით და გამოძიებით და არ მონაწილეობდეს პოლიტიკურ შოუში. გამომდინარე აქედან, საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ მთავარმა პროკურორმა თანამდებობა უნდა დატოვოს:

,,უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც პოლიტიკოსის, როგორც პოლიტიკურ შოუში მონაწილის, რითაც ის არღვევს პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის არაერთ მუხლს, სჩადის დანაშაულებრივ მოქმედებებს და ამიტომაც მნიშვნელოვანია საპროკურორო საბჭომ დროულად დაიწყოს მთავარი პროკურორის საქმიანობაში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობის შესწავლა, რათა დადგეს მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი’’,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღეს, 8 მარტს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების, ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა და გაასაჯაროვა მტკიცებულებების ნაწილი: ბრალდების მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებული ფარული სატელეფონო და ვიდეო ჩანაწერები, ასევე დეკანოზის მიერ ინტერნეტსაძიებო სისტემაში ჩაწერილი ფრაზები. პროკურორის განცხადებით, ამ საქმეზე 30-ზე მტი მოწმე დაიკითხა, 90-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, დათვალიერდა მობილურები, კომპიუტერები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, პროკურატურამ ციანიდის საქმეზე მის ხელთ არსებული ვიდეომასალები ისე დაჭრა, რომ საზოგადოებისათვის სასურველი ვერსია ეჩვენებინა. როგორც ადვოკატი აცხადებს, ამ ვიდეოთიც კი არ დასტურდება ის, რომ დეკანოზმა მამალაძემ ან ციანიდი შეიძინა ან შორენას მოვლას აპირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი