ახალი ამბები

დეკანოზის ადვოკატი: ის ვერ დაადგინეს, ვისგან იყიდა და ის დაადგინეს, რომ კაცის მოკვლა უნდოდა?

8 მარტი, 2017 • 2316
დეკანოზის ადვოკატი: ის ვერ დაადგინეს, ვისგან იყიდა და ის დაადგინეს, რომ კაცის მოკვლა უნდოდა?

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მასალები საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მიზნით გაასაჯაროვა.

“მტკიცებულებები საზოგადეობაზე ზეგავლენისთვის გაასაჯაროვეს. საზოგადოების უმრავლესობა თვლის, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო და პროკურატურა პოზიციების გამყარებას ცდილობს. მარტო მარილზე გასვლაზე კი ნუ აკეთებენ აქცენტს, საზოგადოებას ანახონ, მამა გიორგი როგორ საუბრობს ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველებაზე შეორენა თეთრუაშვილის შესახებ. ეს თქვან და რეალური სურათი გამოჩნდება,” – ამბობს რამიშვილი.

მისივე სიტყვებით, როდესაც მტკიცებულებების გასაჯაროვება ხდება, კარგი იქნება, თუ საუბრის დასაწყისს, გაგრძელებას და დასასრულს გაასაჯაროვებენ.

“ნაწილ-ნაწილ რომ ამოიღო, ისე შეიძლება მიაბა ერთმანეთს, რომ განეიტრალებაზეც იყოს ლაპარაკი, მკვლელობაზეც და ყანწით სმაზეც. ასე შეიძლება  ყველა საუბრიდან ფრაზები ამოიღო, ერთმანეთს მიაბა და სხვა სურათი მიიღო.  დროთა განმავლობაში გამოჩნდება, ვინ თხოვა ციანიდი, რატომ თხოვა და საერთოდ თხოვა, თუ არა ვინმემ”.

ადვოკატის აზრით, როცა დანაშაულის ორგანიზება ხდება და მონაწილე და შემსრულებელი მსჯელობენ, თემიდან თემაზე არ გადადიან, იწყებენ ლაპარაკს და ყველა ნიუანსს თავიდან ბოლომდე განიხილავენ.

“ჩვენ რომ ახლა დავჯდეთ, ერთ რაღაცაზე დავიწყოთ ლაპარაკი, მეორეზე გადავიდეთ და სიცილ-კისკისით ცოტა წავეტრაბახოთ ერთმანეთს, ეგ არის ჩვეულებრივი პრივატული საუბარი. საუბრის დროს, როცა ადამიანს სიტყვის უფლება გააჩნია, შეიძლება თქვას, რომ მე მინდა ვიყო პრეზიდენტი. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ უნდა იყო და იმას ხომ არ ნიშანვს, რომ პრეზიდენტის მოკვლას აპირებ? ”

მიხეილ რამიშვილის თქმით, როცა პირის თვალთვალი მიმდინარეობს, სადაც არ უნდა წავიდეს, წამოვიდეს და ვისაც არ უნდა შეხვდეს, გამომძიებლებმა ყველაფერი ზეპირად იციან.

“თვალთვალი და მიყურადება ხომ ხორციელდება? მიეცათ ბატონი ირაკლი მამალაძისთვის ციანიდი, მიუტანდა დეკანოზს, გადაიღებდა და დამთავრდებდა ყველაფერი.  როცა თვალთვალი მიმდინარეობს, სადაც არ უნდა წავიდეს, წამოვიდეს და ვისაც არ უნდა შეხვდეს, გამომძიებლებმა ყველაფერი ზეპირად იციან.  პროკურატურას პირველ რიგში ეგ ვკითხე. რატომ არ დააკავეთ, როცა ჩანთა ხელში ეჭირა და აეროპორტში შევიდა?  სასულიერო პირია და ხალხის წინაშე ხომ არ დავაკავებდითო? მე ვუთხარი,  სასულიერო პირი რომ არის, იმუნიტეტი აქვს? პატრიარქია?   პრეზიდენტია თუ რა? დანაშაულს თუ ჩადის ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის.

ყველანაირ ლაპარაკს გადაწონიდა, რომ დადგენილიყო ვისგან იყიდა. ის ვერ დაადგინეს, ვისგან იყიდა და ის დაადგინეს, რომ კაცის მოკვლა უნდოდა?”-აღნიშნავს რამიშვილი.

დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, ამ ვიდეომასალაში არ ჩანს, რომ გიორგი მამალაძემ ციანიდი შეიძინა:

“არ ჩანს, რომ შეისყიდა, რადგან არ უყიდია. არ ჩანს, რომ ვინმეს მოკვლას ამზადებდა, რადგან მკვლელობის მომზადება რასაც გულისხმობს, ამ ვიდეოში არ ჩანს და მითუმეტეს არ ჩანს, შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით. ეს არის აუდიო-ვიდეო მასალის არასრული ვერსია, რაღაცები გადაადგილ-გადმოაადგილეს და შეეცადნენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რათა საკუთარი პოზიციები გაიმყარონ,” – აცხადებს ფანცულაია.

დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების, ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა და გაასაჯაროვა მტკიცებულებების ნაწილი.

წიკლაურის თქმით, ამ საქმეზე 30-ზე მტი მოწმე დაიკითხა, 90-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, დათვალიერდა მობილურები, კომპიუტერები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა – დეკანოზმ გიორგი მამალაძემ სთხოვა შხამიანი ნივთიერების – კალიუმის ციანიდის მოძიებაში დახმარება.

“ამასთან ირაკლი მამალაძემ პროკურატურაში წარმოადგინა მის მიერვე ფარულად ჩაწერილი გიორგი მამალაძესთან შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა და ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული ფურცელი, რომელზეც იყო ბრალდებულის ხელნაწერი სიტყვები – „კალიუმ ციანიდი“. ირაკლი მამალაძის განცხადებით, როგორც მან შეხვედრისას გაარკვია, გიორგი მამალაძე გეგმავდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას”, – იუწყება პროკურატურა.

ჯარჯი წიკლაურის თქმით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ასევე ჰპირდებოდა მომავალში არამართლზომიერ სარგებელს.

“ბრალდებული გეგმავდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა თანმხლებ პირებთან, მათ შორის შორენა თეთრუაშვილთან ერთად, რის გამოც იგი ცდილობდა, სასწრაფო წესით შხამიანი ნივთიერება გერმანიაში გამგზავრებამდე შეეძინა. ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ფაქტის სირთულის გათვალისწინებით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შემუშავდა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა გეგმა, რომლის განხორციელება დაიწყო დაუყოვნებლივ. ვინაიდან ირაკლი მამალაძემ ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და მზადყოფნა ჩართულიყო შესაბამის ღონისძიებებში, დაიგეგმა განმცხადებლისა და ბრალდებულის შეხვედრები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზანს წარმოადგენდა გამოაშკარავებულიყო ბრალდებულის რეალური განზრახვა, მიზანი, მოტივი და შესაძლო თანამზრახველები”, – იუწყება პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა ირაკლი მამალაძის ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი