ახალი ამბებიკომენტარი

“ისეა წარმოდგენილი, თითქოს ქვეყანაში არ არსებობენ ქალები, რომლებიც თავს ჩაგრულებად გრძნობენ”

8 მარტი, 2017 • 3351
“ისეა წარმოდგენილი, თითქოს ქვეყანაში არ არსებობენ ქალები, რომლებიც თავს ჩაგრულებად გრძნობენ”

“საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობას არ ვაფასებთ, როგორც თანასწორად და სამართლიანად დაკომპლექტებულს… შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ პროდუქტი იქნება უსამართლო,”- ამბობს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ხელმძღვანელი ანა აბაშიძე.

აბაშიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ქალების ხმა იყოს გაგონილი. აბაშიძის თქმით, მათ არ ჰქონდათ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვის შესახებ მიმართვის შესაძლებლობა, რადგან კომისია პარლამენტის თავმჯდომარემ ერთპიროვნულად დააკომპლექტა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საია საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში არის ჩართული, ის უმცირესობაში აღმოჩნდა. საიას თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ 28 თებერვალს, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრებში სიცილი და ღლიცინი მოჰყვა მათ მიერ ქალთა თანასწორობის საკითხების დაყენებას.

ანა აბაშიძე ამბობს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე ქალთა უფლებებს აშარჟებენ:

“მკითხველმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ქალთა ჩაგვრაზე, ქალთა მკვლელობებზე, ქალთა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აღქმაზე, ქალების, როგორც დედების უფლებების დარღვევაზე, ახალშობილ ბავშვებთან დაკავშირებით პრობლემებზე. ამაზე ვლაპარაკობთ და არა ისეთ სასაცილო თემებზე, თითქოს ჩვენ გვინდა რაღაც ტიპის თანასწორობა და ლიფტში რომ პირველად არ შეგვატარონ. ეს არის იმ თემების გაშარჟება, რაც ქალებს სჭირთ ამ ქვეყანაში. არის რისკი, რომ ქალთა საკითხები კომისიის საბოლოო პროდუქტში ვერ აღმოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ დარჩება სტატუს კვო, რაც გვქონდა დღეს, უბრალოდ, ლეგალისტურად გავამართლებთ იმ უსამართლობას, რომელიც არის საქართველოში,”- ამბობს ანა აბაშიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

აბაშიძე ფიქრობს, რომ ქალების პრობლემების დანახვას და კანონში ასახვას სჭირდება არა დამატებითი რესურსები და “დაუძლეველ ძალებთან ჭიდილი”, არამედ სურვილი, ცოდნა, გულისხმიერება.

“ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოს, ამ ქვეყანაში არ არსებობენ ქალები, რომლებიც თავს ჩაგრულებად გრძნობენ. ილუზიაა, რაღაც არარეალისტური სიტუაციაა შექმნილი და გვაჯერებენ, რომ პრობლემა არ არის. ვის აწყობს ეს? ცხადია აწყობს მმართველ გუნდს, განსაკუთრებით, მამაკაცებს, რომლებიც უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და მათ შორის, მმართველი გუნდის ქალებს, რომლებიც არიან უნიკალური გამონაკლისები, იმიტომ, რომ მათ აქვთ უპირატესობა სხვა ქალებთან შედარებით. ისინი სარგებლობენ დაცვის მაღალი სტანდარტებით, ისინი სარგებლობენ იმ პრივილეგიებით, რაც ახლავს ზოგადად, მმართველ გუნდში ყოფნას, ამიტომ, ისინი არიან რელაქსირებულები, რაც იდევ უფრო ამძიმებს ქალთა საჭიროების არ დანახვის დანაშაულს,”- ამბობს ანა აბაშიძე.

მისივე თქმით, თუკი საკონსტიტუციო კომისია არ გაითვალისწინებს ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს, ეს სამი სახის პრობლემას გამოიწვევს:

[checklist]

  • “ეს იქნება პოლიტიკურად ხმამაღალი დეკლარირება იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას არ აინტერესებს თანამედროვე გამოწვევები, არ აინტერესებს ჩაგვრა, არ აინტერესებთ ჩაგრულთა თემატიკა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიოდ იქნება გაგონილი საერთაშორისო დონეზე და ეს სამწუხაროდ კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას”.
  • “მეორე პრაქტიკული პრობლემა, რაც შეიქმნება, ზოგადად, ჩაგრული ადამიანების უფლებების დაცვა გაგვიჭირდება უფლებადამცველ ორგანიზაციებს. იმიტომ, რომ კონსტიტუციური პრინციპების ასახვა და კონსტიტუციურად უფლების დეკლარირება, პრაქტიკულად, ჩათვალეთ, რომ საქმის 80 პროცენტია. დანარჩენი უკვე ტექნიკური საკითხებია, რომელსაც იურისტები ცდილობენ.”
  • “ეს ყველაფერი გამოიწვევს კომისიის წევრთა შერცხვენას, რომ ყველას ეცოდინება, როგორი ტიპის პოლიტიკური პირები გვყავს. ყველას ეცოდინება, რომ მათგან არ არის მოსალოდნელი სამართლიანი პროცესების წარმართვა. ჩვენ ვიქნებით ორგანიზაციები, რომლებიც მათ ყოველთვის გავახსენებთ, რომ იმუშავეს ყველასთვის, გარდა უმცირესობებისთვის და გარდა იმათთვის, ვისთვისაც, ზოგადად, იქმნება კონსტიტუცია. კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლება და ხალხი შეზღუდულია იმ უფლებებით, რომელიც არის ჩამოთვლილი. ეს ნიშნავს, რომ “უმრავლესობა წყვეტს” –  არ არის სწორი. უმრავლესობა, ხალხის, მათ შორის, არის შეზღუდული იმ უფლებებით, რომელიც ნაწარმოებია უმცირესობათა საჭიროებებიდან. მაღალი ხარისხის დემოკრატია ზუსტად ამას ნიშნავს – ჩაგრულს სჭირდება დაცვა”.

[/checklist]

ანა აბაშიძე ასევე ამბობს, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა არ არის ნაწარმოები არა ხალხის რეალური ინტერესებითა და საჭიროებებით:

“თუ ხალხის ინტერესები აინტერესებთ, ხალხს აინტერესებს სოციალური უფლებების რეალიზება, ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება, ქალთა მკვლელობების და ქალთა ჩაგრული მდგომარეობის გამოსწორება, უმცირესობათა წარმომადგენლების ინტერესების დაცვა. რეალურად, მართლა ეს აინტერესებს ხალხს, მაგრამ, აქ ვხედავთ საპირისპიროს. ამ ჩამოთვლილთაგან არცერთი და დანარჩენი – ყველაფერი. პარადოქსულ ვითარებაში ვართ. მაგრამ არ ვიტყუებთ თავს და არ ვამბობთ, რომ ეს არის ხალხის ნებით შექმნილი კონსტიტუცია, ისევე, როგორც წინა პერიოდში არ იყო ხალხის ნების გამომხატველი ცვლილებები კონსტიტუციაში,”- ამბობს ანა აბაშიძე.

მისივე თქმით, ეს ვითარება ასე არ დარჩება და ამზადებენ დეტალურ, კონცეპტუალურ მიმართვას, როგორც კომისიის ასევე სხვა აქტორების მიმართ და ყველანაირად შეეცდებიან, რომ მათი ხმა გაჟღერდეს.

“მთლიანობაში, ჩვენი მიზანი არის, რომ ვილაპარაკოთ იმ ადამიანებზე რომელთა ინტერესები გამორჩენილია. ვცდილობთ, რომ ადამიანების კონსოლიდირება გამოვიწვიოთ და მათი ხმა გავაგონოთ ყველა მეთოდით, რაც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ,”- გვეუბნება ანა აბაშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი