ახალი ამბები

თბილისის მიკროავტობუსების გარკვეულ მარშრუტებზე მგზავრობის საფასური გაიზარდა

8 მარტი, 2017 • 2673
თბილისის მიკროავტობუსების გარკვეულ მარშრუტებზე მგზავრობის საფასური გაიზარდა

“თბილისის მიკროავტობუსმა” გარკვეულ მარშრუტებზე მგავრობის საფასური გაზარდა. კომპანიის განცხადებით, მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური მუნიციპალური ტრანსპორტების ტარიფს გაუთანაბრდება და დღეიდან 40 თეთრის ნაცვლად ეღირება 50 თეთრი, ხოლო 80-თეთრიან ტარიფი არ შეიცვლება.

მგზავრობის საფასურის ზრდასთან დაკავშირებით მედიებით გავრცელებულ განცხადებაში, კომპანია ავტოპარკის განახლებაზე, მიკროავტობუსების შეკეთებასა და ახლით ჩანაცვლებაზე საუბრობს. როგორც “თბილისის მიკროავტობუსის” განცხადებაში ვკითხულობთ, ყოველწლიურად კომპანია მიკროავტობუსების მწყობრში მოსაყვანად რამდენიმე ასეულ ათას ლარს ხარჯავს, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების მოვლა მძღოლს ევალება.

“თბილისის მიკროავტობუსის” განცხადებით, მგზავრთა გადაყვანის სატარიფო პოლიტიკა ბაზარზე შემოსვლისას 2011 წლისთვის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ რეალობას მოარგო. მათი განცხადებით, 2011 წლის შემდეგ ეროვნულმა ვალუტის მძიმე რყევები აისახა ყველა იმ პროდუქტზე ფასის მატებით, რომელიც ესაჭიროება მგზავრთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას, თუმცა კომპანიამ თითქმის ექვსი წლის განმავლობაში სატარიფო პოლიტიკა უცვლელი დატოვა:

“კომპანია მუდმივად ითვალისწინებს საკუთარი მომხმარებლების ინტერესებს, შესაბამისად, იმისთვის, რომ კომპანიის მენეჯმენტმა უზრუნველყოს ბიზნესის გამართულად მუშაობა, გაუმჯობესდეს მგზავრთა გადაყვანის პირობები, მუდმივად გაგრძელდეს ავტოპარკის განახლება და დაცული იყოს კომპანიის ოთხიათასამდე თანამშრომლის შრომითი უფლებები, გადაწყდა მიკროავტობუსით მგზავრობის ძირითადი ტარიფი 0.80 ლარი იყოს შენარჩუნებული, ხოლო მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდეს მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს: 0.40 ლარი გაიზარდოს 0.10 ლარით და 2017 წლის 8 მარტიდან გახდეს 0.50 ლარი.”

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას თქმით, რამდენიმე მარშრუტში მგზავრობის საფასურის გაზრდა თვითონ კომპანიამ გადაწყვიტა, რომელიც არ არის ვალდებული მერიას შეუთანხმოს ეს საკითხი. თუმცა, როგორც მერი აღნიშნავს, მინიმუმ 3 წელი სამგზავრო ტარიფები აღარ გაიზრდება.

“გამომდინარე იქიდან, რომ ყვითელი მარშრუტკები გახდა რეგულირებადი, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა ტარიფები ვერ მოიმატებს, გარდა 40 თეთრიანი ტარიფისა, რომლის გაზრდათ თვითონ საკუთრივ კომპანიამ გადაწყვიტა. ეს არ არის თბილისის მერიასთან შეთანხმებული საკითხი, ვინაიდან არ საჭიროებს მერიასთან შეთანხმებას. ეს არის ძალიან მცირე, რამდენიმე ერთეული მარშრუტი, სადაც 40–დან 50 თეთრამდე ზრდა ხდება. სხვა შემთხვევაში, არც 50 თეთრიანი, 80 თეთრიანი და არც სხვა ტარიფები არ გაიზრდება მინიმუმ შემდგომი 3 წლის განმავლობაში,” – განაცხადა ნარმანიამ.

სამგზავრო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით კომპანიამ სხვადასხვა მედია ორგანიზაციებს გაუგზავნა განცხადება, ნეტგაზეთი კი დილიდან უშედეგოთ ცდილობდა მათთან დაკავშირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი