ახალი ამბები

პრეზიდენტი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის იდეას მხარს უჭერს, თუმცა 2 პირობით

7 მარტი, 2017 • 2754
პრეზიდენტი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის იდეას მხარს უჭერს, თუმცა 2 პირობით

საქართველოს პრეზიდენტი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას მხარს უჭერს, თუმცა იმ პირობით, რომ ამ თანამდებობის პირის შერჩევისა და დანიშვნის პროცესში ხელისუფლების არც ერთი შტო არ მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე პრეზიდენტის პოზიცია საზოგადოებას მისმა პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააცნო.

“დღეს, როდესაც ასე აქტიურად გვიწევს საუბარი მედიის და ჟურნალისტების უფლებებზე, კარგი იქნება დაცვის მყარი  მექანიზმის შემუშავება, თუნდაც მედიაომბუდსმენის სახით. თუმცა გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი – მედიაომბუდსმენის შერჩევისა და დანიშვნის პროცესში მთლიანად უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მონაწილეობა და  მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს კოორდინაციაში სახალხო დამცველთან”, – განაცხადა მიშველაძე.

მან ასევე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა რ2-ის საქმეზე და ზოგადად მედიაგარემოზე:

“პირველ რიგში, მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო მედიაგარემოზე,  თავისუფალი და პლურალისტული მედიის არსებობის აუცილებლობაზე. ყველას მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც,  მუდმივად გამოხატავს საკუთარ პოზიციას მედიის პრობლემატიკის მიმართ.

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შემდეგ უკვე მისი მედიაში ასახვა, არის თავისუფალი საზოგადოების არსებობის ერთერთი მთავარი ინდიკატორი. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს თავისუფალი საზოგადოების მშენებლობისაკენ და უნდა გავიაზროთ, რომ არა მხოლოდ მისაღებ აზრს, არამედ განსხვავებულ აზრსაც აქვს არსებობის უფლება.

დღეს, როდესაც საქართველო უფრო ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე, დაუშვებელია კიდევ რჩებოდეს და ჩნდებოდეს კითხვები მედიის დამოუკიდებლობის ხარისხთან და მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით; და, როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მედია ეკუთვნის საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, მოსწონს, თუ არა რომელიმე მხარეს მისი კრიტიკულობა.

დღეს, რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ  აღვნიშნავთ – მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების,თავისუფლების შეზღუდვა არის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე სერიოზული დარტყმა.  დღეს საქართველოში მიმდინარე მედიაპროცესები, განსაკუთრებულად მაღალ ხარისხშია აყვანილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რასაც ცხადყოფს საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები,   სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის  განცხადება.

ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ  მედიაგარემოს მიმართულებით, ქვეყანაში ვითარება გასაუმჯობესებელია. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დადგა დრო პრობლემების დანახვის, ამ თემებზე ღია და გახსნილი დისკუსიის დაწყების. პრეზიდენტის აზრით, საჭიროა არა დამნაშავის ძებნა, არამედ გამოსავლის ძიება, რაც  უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სტაბილური მომავლისათვის. და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, რუსთავი 2-ის პროცესებში ჩართულ მხარეებს პრეზიდენტი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებამდე, არხზე შენარჩუნდეს არსებული სტატუს-კვო”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი