ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დებულებაში შესატან ცვლილებებს უყრის კენჭს

6 მარტი, 2017 • 3188
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დებულებაში შესატან ცვლილებებს უყრის კენჭს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას თქმით, გეგმა, რომელსაც მაუწყებლის ბორდმა კენჭი 7 მარტს უნდა უყაროს, მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება. გოგელიას თქმით, საბჭო დებულებაში განსახორციელებელ ცვლილებებს განიხილავს:

“ეს ძირითადად ეხება ადმინისტრაციულ ნაწილებს, სადაც სამსახურები ერთიანდება, მსხვილდება და რაღაც სამსახურები უქმდება, რომ მოხდეს ოპტიმიზაცია. მაგალითად, ფინანსურ სამსახურში თუ არის რაღაც 4 სტრუქტურა, შეიძლება გახდეს 2. ადმინისტრაციულშიც არის ეს და სხვა ზოლებშიც. გეგმა, რომელიც წარმოდგენილი იქნა და განვიხილეთ ჩვენ არის დასაბუთება, ოფიციალური დოკუმენტია. ოფიციალურ სტრატეგიას კი არ ვიღებთ ჩვენ, ეს არის უბრალოდ, რომ დავინახოთ ჩვენ ეს სტრუქტურული ცვლილებები” – თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ მედიაკონფერენციაზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნებოდა.

კონფერენცია “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” და ფონდი “ღია საზოგადოება  – საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა. მას ჟურნალისტების გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი და სამეურვეო საბჭოების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა მოუწოდეს მაუწყებლის მმართველ ორგანოებს, პროცესების გამჭვირვალედ წარმართვისკენ. განსაკუთრებულ ინტერესს მენეჯმენტის ახალი გეგმა იწვევდა. კონფერენციის მონაწილეებმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს იმ დოკუმენტაციის გასაჯაროება სთხოვეს, რომელსაც სამეურვეო საბჭომ კენჭი ხვალ უნდა უყაროს, თუმცა მათგან კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.

ჟურნალისტებთან აღნიშნულ გეგმაზე საუბრისგან თავი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემაც შეიკავა.

“როცა დამტკიცდება, შემდეგ ვისაუბრებთ [გეგმაზე]. მანამდე ვფიქრობ, რომ ამ გეგმის მიხედვით რეფორმა განხორციელდება სრული ტემპით და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ” – თქვა მაღლაფერიძემ. თუმცა აღნიშნა, რომ გეგმა, ახალი სეზონის დაწყებამდე მაუწყებლის ეთერში არსებული გადაცემების შეჩერებას არ ითვალისწინებს.

თავდაპირველი გეგმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა სამეურვეო საბჭოს წარუდგინა,  ითვალისწინებდა 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას, გარდა საინფორმაციო პროგრამა “მოამბისა”. ამის შემდეგ,  17 თებერვალს კი  გამოაქვეყნდა იმ გადაცემების ჩამონათვალი, რომლებიც, აღმასრულებელი საბჭოს მიერ შემუშავებული ფორმულით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. ამ პროგრამების ჩამონათვალში მოხვდა გადაცემები  “რეალური სივრცე” და “წითელი ზონა”.

როგორც მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო  ნათქვამი, სამეურვეო საბჭოს მიერ შეთავაზებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აღმასრულებელმა საბჭომ, ანუ არხის მენეჯმენტმა შეიმუშავა შეფასების სისტემა, რომელიც გადაცემებს  სამ ჯგუფად ყოფს:

1.    გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს (მათი რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მეტია).
2.    გადაცემები, რომლებიც მაუწყებელს უნარჩუნებს არსებულ სტატუს კვოს (მათი რეიტინგი ემთხვევა არხის საშუალო რეიტინგს).
3.    გადაცემები, რომლებიც იწვევს მაყურებლის მიგრაციას სხვა არხებზე (მათი  რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე ნაკლებია).

საბჭოს მიერ წარმოდგენილი ხედვა გულისხმობდა პირველი და მეორე ჯგუფის გადაცემების ეთერში დატოვებას, ხოლო მესამე ჯგუფის გადაცემების დახურვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი