ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი: შტატები შეშფოთებულია რუსთავი 2-ის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით

4 მარტი, 2017 • 6952
სახელმწიფო დეპარტამენტი: შტატები შეშფოთებულია რუსთავი 2-ის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას “რუსთავი 2”-ის საქმეზე “ამერიკის ხმა” ავრცელებს. “ამერიკის ხმის” კორესპონდენტის სინდი სეინის შეკითხვას რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, შემდეგნაირად უპასუხა:

“შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსთავი 2-თან დაკავშირებით [საქართველოს] უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით. [გადაწყვეტილებამ] შესაძლოა, შეზღუდოს ოპოზიციის ხმა ქართულ სამაუწყებლო მედიაში. პლურალისტური მედიაგარემო არსებითია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისათვის. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები და უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური.”

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ასევე 2 მარტს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა:

“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური,”- აცხადებს აშშ-ის საელჩო.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 8 მარტამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს აღსრულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი