ახალი ამბები

9 მარტს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება

3 მარტი, 2017 • 9505
9 მარტს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა 9 მარტს 12:00 საათზე საპატრიარქოში გაიმართება.

საპატრიარქოს პრესცენტრის მიერ გავრცელებუ განცხადებაში აღნიშნული არაა, თუ რა საკითხებზე უნდა იმსჯელონ სინოდის წევრებმა. “ნეტგაზეთი” შეეცადა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივანთან დაკავშირებას, თუმცა მან ზარს არ უპასუხა.

13 თებერვლის შემდეგ საპატრიარქოში დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საქმის გამო, სხვადასხვა შეხვედრა იმართება. დაკავებულ დეკანოზს, რომელსაც პროკურატურა მკვლელობის მომზადების მცდელობას ედავება, ხოლო მისი ადვოკატის განცხადებით, ბრალში კონკრეტულად პატრიარქის მდივან -რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაზეა საუბარი, სინოდის წევრებიდან ღია მხარს მხოლოდ ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა უჭერს მხარს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი