ახალი ამბები

“რეალური სივრცის” გუნდი ახალი კონტრაქტების გაფორმებას არ დათანხმდა

2 მარტი, 2017 • 1992
“რეალური სივრცის” გუნდი ახალი კონტრაქტების გაფორმებას არ დათანხმდა

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ახალმა მენეჯმენტმა გადაცემას “რეალური სივრცე” ახალი კონტრაქტების გაფორმება შესთავაზა, თუმცა გადაცემაზე მომუშავე გუნდმა შეთავაზებაზე უარი თქვა.

გადაცემის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი ამბობს, რომ “რეალური სივრცის” შემოქმედებითი ჯგუფის უმეტესეობას ამჟამად მუდმივი კონტრაქტები აქვთ, ხოლო გადაცემის ბიუჯეტი დეკემბრის ბოლომდეა დამტკიცებული, მასში ცვლილებების განსახორციელებლად არხის სამეურვეო საბჭოს თანხობაა საჭირო. ნინო ზაუტაშვილი საუბრობს იმ მიზეზებზეც, რის გამოც ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ დათანხმდნენ:

“მინდა გითხრათ, რომ ეს იყო სრულიად ბუნდოვანი წინადადება, აბსოლუტურად არ შეიცავდა არავითარ კონკრეტიკას ჩვენი უფლება-მოვალეობების შესახებ, ქრონომეტრაჟის შესახებ. მენეჯმენტის შემოთავაზება იყო იმდენად ბუნდოვანი, ჩავთვალეთ, რომ შეურაცხმყოფელი იყო ასეთი წინადადების მიღება და ასეთი ტიპის კონტრაქტებზე ხელის მოწერა. [კონტრაქტის მიზედვით] ჩვენ გადავდიოდთ საზოგადოებრივ პოლიტიკურ მიმართულებაში, ოღონდ სრულიად გაურკვეველი მომავლით, თუნდაც აწმყოთი. ისიც კი არ ვიცოდით, “მოამბის” სიუჟეტს ვაკეთებდით, თუ ცალკე გადაცემას”, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“რეალური სავრცის” თანმშრომლის, მარიამ ჯაჭვაძის განცხადებით, თუ ამჟამად გადაცემის თანამშრომლების უმეტესობას მუდმივი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული და კონტრაქტში მითითებულია – “რეალური სივრცის” კორესპონდენტი, ახალი კონტრაქტების მიხედვით, ისინი ახალი ამბების კორესპონდენტები გახდებოდნენ:

“რაც ნიშნავს, რომ “რეალური სივრცე” აღარ იყო. ეს გახლდათ ძირითადი მიზეზი, რატომაც უარი ვთქვით. კი გვქონდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ ახალი სეზონიდან “რეალური სივრცე” ისევ ეთერში დაბრუნდებოდა და ეს დროებითი ცვლილება იყო, მაგრამ როდის იწყებოდა ეს ახალი სეზონი, ან სეზონის დაწყებამდე კორეპონდენტებს რა უნდა გვეკეთებინა, ამაზე მენეჯმენტისგან წერილობით დასტური არ მივიღეთ”,- განაცხადა მარიამ ჯაჭვაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

საზოგადოებრივი მაუწყებელის აღმასრულებელმა საბჭომ, რომელიც გენერალური დირეტქორისა და მისი გუნდისაგან შედგება, 17 თებერვალს სამეურვეო საბჭოს წარუდგინა პირველ არხზე გადაცემების გაფილტვრის გეგმა და ფორმულა, რომლის მიხედვითაც 14 გადაცემა უნდა დაიხუროს, მათ შორის “რეალური სივრცეც”, ხოლო 14 (პლუს მოამბე) დარჩეს.

ნინო ზაუტაშვილის თქმით, რადგან გადაცემის ბიუჯეტი დეკემბრამდე დამტკიცებულია, მასში ცვლილებების განხორციელება სამეურვეო საბჭოს გარეშე ვერ მოხდება. ზაუტაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საბჭო მენეჯმენტის მიერ შეთავაზებულ გეგმას მხარს არ დაუჭერს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ მოხდა და “რეალურ სივრცეს” დახურავენ, ნინო ზაუტაშვილის თქმით, სასამართლოს გზით გააგრძელებენ არხთან დავას.

მასალების გადაბეჭდვის წესი