ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს არჩევანი აფხაზეთის საზღვარზე

2 მარტი, 2017 • 7206
საქართველოს არჩევანი აფხაზეთის საზღვარზე

ავტორები: 

ლოლიტა ბრეიმანი, მაგისტრი კონფლიქტების მოგვარებასა და მედიაციაში, საიმიგრაციო ადვოკატი, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სამართლის სპეციალისტია; იგი ხშირად წერს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე;

ჯეისონ პეკი კემბრიჯის უნივერსიტეტში მსოფლიო ისტორიის მკვლევარი და ‘ლიბიის ანალიტიკური ცენტრის’ პრეზიდენტია.


 

რუსული გავლენის ახალი სფეროები ელვის სისწრაფით იზრდება ბალტიისპირეთიდან ადრიატიკის ზღვამდე და სირიიდან ეგვიპტემდე. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება საგარეო პოლიტიკის ახალი გუნდის დაკომპლექტებას – როგორი იქნება ტრამპის პირველი ნაბიჯები რუსეთის მიმართ? უფრო მნიშვნელოვანი კი ალბათ ის არის, როგორ დაეხმარება აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თავის ტრადიციულ მოკავშირეებს – ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოს კავკასიაში. ამ ქვეყნებში, სადაც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში უმეტესწილად რუსეთი დომინირებდა, შიში და უნდობლობა დუღილის ტემპერატურას უახლოვდება.

როდესაც 2016 წლის სექტემბერში საქართველოში ვიმოგზაურეთ, ცოტა რამ იყო რუსეთის მუდმივ გავლენაზე მეტად საგრძნობი. ბათუმში რუსეთიდან მზის საძებნელად ჩამოსული ტურისტებით დაწყებული, თბილისში სუვენირების მუშტრებთან რუსულად უხალისოდ მოსაუბრე გაღიზიანებული მიმტანებით დამთავრებული, ყველაფერი მიანიშნებდა – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ნაანდერძარი მტრობა საქართველოში კვლავაც არ განელებულა. უკრაინისადმი სოლიდარობის განცდამ რუსეთთან კონფლიქტის გამო (2014 წელს ყირიმის ანექსია და დონბასის რეგიონში მიმდინარე ძალადობა) წარსული საბჭოთა პერიოდისადმი სიძულვილი, როგორც ჩანს, ხელახლა გააღვვივა.

ქართველები ახლა გზაგასაყარზე დგანან, – ცდილობენ, განჭვიტონ მოსალოდნელი შედეგები, რაც ტრამპისა და პუტინის ურთიერთობის დათბობამ შეიძლება მოუტანოს მათ ქვეყანას. აშშ დიდი ხანია, საქართველოს მხარდამჭერია, მაშინ როდესაც რუსეთის ზეგავლენა უფრო და უფრო ღრმად მიცოცავს საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ ‘გაყინული კონფლიქტების’ გამოყენებით. თუმცა პრეზიდენტ ტრამპის მეგობრული დამოკიდებულება პრეზიდენტ პუტინთან შესაძლოა, ვაშინგტონთან ნაკლებ წვდომას ნიშნავდეს საქართველოს თანამდებობის პირებისთვის.

ამ ახალი ცივი ომის ეპოქაში ქართველებმა უნდა გადახედონ თავიანთ სტრატეგიას დაკარგული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, სანამ ეს ფესვგადგმული, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი პრობლემები სრულ ქაოსში გადაიზრდება, ან უფრო უარესიც – ომში.

2017 წლის ორ თებერვალს ევროკავშირის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას. იმავე დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებს შესთავაზა ამავე პრივილეგიით სარგებლობა, თუმცა ერთი პირობით – მათ მოქმედი ქართული პასპორტები დასჭირდებათ. საპასუხო ოფიციალურ განცხადებაში აფხაზმა თანამდებობის პირებმა სასწრაფოდ დაგმეს თბილისის შემოთავაზება და პოლიტიკურ მანიპულაციად შეაფასეს.

25 წლის წინ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამავდროულად, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რომლებიც ისტორიულად საქართველოს ავტონომიური რეგიონები იყო, სეპარატისტებმა ახალი ქართული სახელმწიფოსგან გამოყოფა მოინდომეს. 1992-1993 წლებიდან, აფხაზმა სეპარატისტებმა გააჩაღეს ომი ხელისუფლების წინააღმდეგ იმის შიშით, რომ მათი კულტურული და ეროვნული იდენტობა საფრთხეში იყო. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე მათ 250 000-მდე ქართველს დაატოვებინეს აფხაზეთის ტერიტორია ჩრდილოეთ კავკასიელი შეიარაღებული მოხალისეების დახმარებით და 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის პარალელურად, 90-იან წლებში რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მუდმივად უარესდებოდა. ამ პროცესებმა კულმინაციას მიაღწია 2008 წლის ხუთდღიანი ომის დროს, რის შემდეგაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო და ახლადშექმნილ სახელმწიფოებში სამხედრო ბაზები განალაგა. დაძაბულობა დღემდე გრძელდება.

თავგადასავლების საძიებლად და გაყინულ კონფლიქტზე დასაკვირვებლად ჩვენ საქართველოში მოგზაურობა გადავწყვიტეთ. კოლეგებმაც გვირჩიეს, აფხაზეთის ბუნებრივი სილამაზე და ადმინისტრაციული დისფუნქციონირება პირადად გამოგვეცადა.

შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე აფხაზეთს საერთაშორისო საზოგადოება სუვერენულ სახელმწიფოდ არ აღიარებს. მის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი და სამი სხვა სახელმწიფო ცნობს. საბჭოთა დროის ეს პოპულარული ტურისტული მიმართულება ცნობილი იყო კენჭებიანი ხელუხლებელი პლაჟებით, გრანდიოზული საბჭოთა არქიტექტურითა და ლენინის ქანდაკებებით. შავი ზღვის სამკურნალო ეფექტის დამსახურებით 1960-იან წლებში აფხაზეთში სანატორიუმები მომრავლდა. აქაურ სანაპიროზე საბჭოთა ლიდერ ნიკიტა ხრუშჩოვს აგარაკიც კი ჰქონდა. აფხაზეთი ახლაც იზიდავს ტურისტებს, რომლებიც საბჭოთადროინდელ, მაღალი კლასის დასასვენებელ, დროში გაყინულ ადგილს ეძებენ.

აფხაზეთის უნიკალურმა გეოგრაფიამ და ისტორიამ გვიბიძგა, ახალი რკინის ფარდა გადაგველახა. ვიზები რამდენიმე კვირით ადრე ავიღეთ და გავითვალისწინეთ დასავლელი ჟურნალისტების რჩევა, აფხაზეთს ზუგდიდის მხრიდან მიადექითო.

როდესაც განიარაღებულ ზონას მივუახლოვდით, აღმოვჩნდით ადგილას, სადაც გლობალიზაცია და საერთაშორისო საზოგადოება ძალადაკარგულია. ენგურის ხიდზე საგზაო პოლიციის ყვითელ სპეც. ტანისამოსში გამოწყობილი გაეროს ხალხი მოგვხვდა თვალში, რომლებიც თითქოს დანგრევის პირას მისული ხიდის შეკეთებით იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ მხოლოდ ნაპერწკლებს თუ უშვებდნენ ჰაერში.

ქართული მხრიდან აფხაზეთის სასაზღვრო პოსტამდე ცხენშებმული ურმებით გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა შემოგვთავაზეს, თუმცა ჩვენ დაახლოებით ერთკილომეტრიანი ხიდის ფეხით გავლა ვარჩიეთ. მეორე მხარეს რომ მივაღწიეთ, ლოდინი მოგვიწია, თუმცა სასიამოვნოდ თბილოდა. როგორც კი მივხვდით, რომ აქ საათობით მოგვიწევდა გაჩერება, სხვა მრავალი ადამიანის მსგავსად, სანაგვე ყუთის გვერდზე, ბორდიურზე ჩამოვსხედით.

ჩვენი ვიზები საკმარისი არ აღმოჩნდა. გუშაგმა ვერ იპოვა ჩვენი სახელები იმ უცხოელი ტურისტების სიაში, ვისაც ტერიტორიაზე შესვლის უფლებას აძლევდნენ. გვითხრეს, რომ სხვა ნებისმიერ დღეს უპრობლემოდ შეგვეძლო დავკავშირებოდით საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც დედაქალაქ სოხუმში მდებარეობს და გვეთხოვა დაკავშირებოდნენ იმ მხარეებს, ვინც ვიზის გაცემაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა ასე არ გაგვიმართლა – 12 სექტემბერს აფხაზეთში ეიდ ალ-ადჰას [ისლამური დღესასწაული] აღნიშნავდნენ. ყველა სამთავრობო დაწესებულება დახურული იყო. აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, თუმცა მნიშვნელოვანი უმცირესობა ისლამის მიმდევარია.

ამასობაში საზღვარზე საქმიანი ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდებოდა – მშრომელები და დიასახლისები უკან ბრუნდებოდნენ ზუგდიდის ბაზრობიდან, სადაც სარეცხი ფხვნილი და პეჩენიები ეტყობა გაცილებით მარტივად იშოვება, ვიდრე აფხაზეთში. ადგილობრივები უკან მოათრევდნენ ამ სიმდიდრით დატვირთულ პოლიეთილენის დიდ პარკებს. თუკი ხუთი ადგილობრივის გაშვებას, ასე, 10 წუთს უნდებოდნენ, ჩვენ საათობით მოგვიწია ლოდინი.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ვერ ვაცნობიერებდით, საქართველოს მიერ შემუშავებული აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის გრძელვადიანი პოლიტიკა გავლენას ახდენდა უკვე ჩვენზე, როგორც დასავლელ ტურისტებზე რეგიონში.

საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ამტკიცებს, რომ ერთადერთი ლეგიტიმური გამოსავალი რუსეთის მიერ აფხაზეთის დეოკუპაცია და საქართველოში რეინტეგრაციაა. საქართველო ზღუდავს აფხაზეთის ვაჭრობას სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით თურქეთთან, და მკაცრად უკრძალავს აფხაზებს გადაადგილებას უცხოეთში. თუმცა ამ დამოკიდებულებამ მხოლოდ გააძლიერა რუსული გავლენა რეგიონზე, რადგანაც აფხაზები მოსკოვის მფარველობაზე მეტ იმედებს ამყარებენ. მათ ურჩევნიათ, საქართველოსთან ურთიერთობა მინიმუმამდე დაიყვანონ. ცოტა ხნის წინ დე-ფაქტო ჩინოვნიკებმა სასაზღვრო ზოლზე მდებარე ოთხი გამშვები პუნქტიდან ორი დახურეს, რამაც ძირითადად აფხაზეთის მხარეს გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ზუგდიდში გადმოსვლა შეზღუდა.

საქართველოს მცდელობამ, ზეთისხილის რტო შეეთავაზებინა აფხაზეთისათვის ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის პრივილეგიის გაზიარებით, კიდევ უფრო გაამყარა პარტნიორობა დე-ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის. ამან რუსეთს შესაძლებლობა მისცა, აფხაზეთის სუვერენული მიზნების ჭეშმარიტ მხარდამჭერად წარმოეჩინა თავი. რუსეთი ახალ პირობას დებს, ევროკავშირს დავარწმუნებთ, რომ აფხაზური პასპორტებიც მიიღონ, რათა აფხაზებმა დამოუკიდებლად შეძლონ გადაადგილება ევროპაშიო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცარიელ პირობას შესრულების ძალიან მცირე შანსი აქვს, რუსეთი სანაცვლოდ არაფერს ითხოვს და ამიტომაც ეს მიდგომა უპირობო მხარდაჭერის შეგრძნებას იწვევს.

როგორც ‘კარნეგი ევროპის’ უფროსი მკვლევარი თომას დე ვაალი აღნიშნავს, ბოლოს, როდესაც აფხაზეთი და თბილისი ერთი ქვეყნის ნაწილად განიხილებოდა, ისინი არა დამოუკიდებელი საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. ახლა საქართველოს ინტერესებს ყველაზე მეტად წაადგებოდა, დაენებებინა თავი აფხაზეთში დომინაციის აღდგენის აუხდენელი ოცნებებისათვის და მას უფრო მეტი სუვერენიტეტის მოპოვებაში დახმარებოდა. ეს გადაარჩენდა აფხაზეთს რუსეთის მიერ სრულად შთანთქმისგანდა უბიძგებდასაქართველოსთან გაფართოებული თანამშრომლობისკენ.

დავუბრუნდეთ ჩვენს მოგზაურობას – რუსულად მოლაპარაკე აფხაზ მესაზღვრესთან საათობით უშედეგო საუბარში მცხუნვარე მზეც ჩავიდა. ვიცოდით, რომ საქართველოს მხარეს საზღვარი მალე ჩაიკეტებოდა. საფრთხემ, რომ მარტო დავრჩებოდით არავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როგორც გამშვები პუნქტი “ჩარლის” თანამედროვე ვარიანტი [ცნობილი გამშვები პუნქტი ბერლინის კედელზე],  ღამის გასათევად ზუგდიდში დაბრუნება გვაიძულა.

მეორე დღეს ავტოსტოპით წავედით თბილისისაკენ. არ გაგვკვირვებია, რომ მძღოლი აფხაზეთიდან დევნილი კაცი აღმოჩნდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ მალევე, 1992-1993 წლების კონფლიქტისას, აფხაზეთში მცხოვრები ბევრი ეთნიკურად ქართველი გამოაძევეს, ან თავად უშველეს თავს გამოქცევით. დევნილების დიდი ნაწილი ზუგდიდში დასახლდა, რამაც ამ პატარა ქალაქის მოსახლეობის ზრდა გამოიწვია. ჩვენმა მძღოლმა გვიამბო, როგორ დაკარგა სახლი 1993 წელს აფხაზეთში და როგორ დაეხმარა საქართველოს მთავრობა მასა და მის ოჯახს ზუგდიდში დასახლებაში. ძალიან უკვირდა, რატომ შეიძლებოდა ჩვენ, დასავლელ ტურისტებს, გვდომოდა იქ ფეხის დადგმა, რადგან თვითონ, როგორც ამბობდა, აფხაზეთის სიყვარული აღარ შერჩენოდა. ყველაფერი გაცვეთილია, სავალალო მდგომარეობაშია და ინგრევაო, აგვიხსნა. ‘რუსებს არ ადარდებთ მანდაურობა და აფხაზები კიდევ დანგრევის საშუალებას აძლევენ. მე ბევრი აფხაზი მეგობარი მყავდა; ერთმანეთში არანაირი პრობლემა არ გვქონდა. რუსების ბრალი იყო ეს ძალადობა. პუტინს ეშინია ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველოსი’, – მის საუბარში დანაკარგით გამოწვეული გულისტკივილი იგრძნობოდა, მაგრამ გაცილებით შესამჩნევი იყო ქართული პატრიოტიზმი.

საზღვარი აფხაზეთსა და საქართველოს შორის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საზღვარი დასავლეთსა და რუსეთს შორის. დამსხვრეული დისკურსი აფხაზებსა და ქართველებს შორის ისევე დიდია, როგორც ბერძნებსა და თურქ კვიპროსელებს შორის, ან პალესტინელებსა და ებრაელებს შორის. ამ უკანასკნელთა შორის კონფლიქტის მსგავსად, ნარატივებს შორის უფსკრული მუდმივად ფართოვდება.

თბილისში ვბრუნდებით. სუვენირების მაღაზიებში უკრაინის დროშები საქართველოს დროშების გვერდით იყიდება. გურმანებისთვის მიმზიდველი სამზარეულო   და კარგად მოვლილი მუზეუმები პირველი სამყაროს სიპრიალით მალავს დრამატულად უთანასწორო საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს თბილისს ტურისტები მოაწყდნენ (განსაკუთრებით რუსები, ებრაელები, არაბები და ირანელები), ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მკვეთრად შემცირდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, უმუშევრობის დონე კი კვლავაც მაღალია. ღვინის პროდუქციის გარდა, საქართველოს ბევრი არაფერი აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზარს შესთავაზებს. ქვეყანა ძლიერ სურვილს გამოხატავს ევროპული და დასავლური ღირებულებების მისაღებად, ოღონდ კომერციულ ჩვევებს ჯერჯერობით ვერ ითვისებს.

გამოთქმა – ‘სადაც კონფლიქტია, იქ შესაძლებლობაცაა’, სამხრეთ კავკასიაში მართლდება. რუსეთთან კონფლიქტი საქართველოს ამერიკულ და ევროპულ მფარველობას უნარჩუნებს. შესაძლოა, ვიდავოთ, რომ საქართველოს არ სურს კონფლიქტის მოგვარება, რადგან კონფლიქტის არსებობა უზრუნველყოფს სამხედრო დახმარებას დასავლეთისგან და ამ პატარა სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებში უფრო მნიშვნელოვან ფიგურად წარმოაჩენს. მაგრამ რა ეტაპზე გახდება კონფლიქტი მეტისმეტად ძვირი?

სანამ ტრამპის პირველი ნაბიჯები საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია, აჯობებს, თბილისმა გზა გაუხსნას დანარჩენ მსოფლიოს აფხაზეთისკენ, სანამ იმაზე მეტს დაკარგავს, ვიდრე წარმოუდგენია. საქართველოსა და აფხაზეთის მომავალი, ისევე, როგორც კონფლიქტების განსხვავებული თეატრების ბედი სირიიდან ლიბიამდე, ბალტიისპირეთიდან ბელგრადამდე, – ტრამპსა და პუტინს შორის ბალანსზეა დამოკიდებული.


სტატია (სათაურით Georgia’s options at the Abkhaz border) პირველად გამოქვეყნდა ‘ახალი აღმოსავლეთ ევროპის’ (New Eastern Europeვებსაიტზე. სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნით სტატიის ავტორებს. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ან ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი