ახალი ამბები

ირაკლი მამალაძე: შესაძლოა, ეს ჯგუფი მეუფე დიმიტრის გვერდის ავლით ამზადებდა მკვლელობას

28 თებერვალი, 2017 • 2114
ირაკლი მამალაძე: შესაძლოა, ეს ჯგუფი მეუფე დიმიტრის გვერდის ავლით ამზადებდა მკვლელობას

“ციანიდის საქმეში” ბრალდების მოწმე, ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ გიორგი მამალაძე მკვლელობას ჯგუფთან ერთად ამზადებდა. მისი თქმით, შესაძლოა, პროცესები დიმიტრი შიოლაშვილის გვერდის ავლით ვითარდებოდა, ხოლო კითხვას, იყო თუ არა ჯგუფში სოსო ოხანაშვილი, “არც უარყოფს და არც ადასტურებს”.

ბრალდების მთავარი მოწმე “TV პირველთან” საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ გიორგი მამალაძე არაა მხოლოდ მისი ნათესავი. მისი თქმით, დეკანოზი პატრიარქის ძმიშვილის, დიმიტრი შიოლაშვილის ახლობელიც არის. თუმცა, როგორც ირაკლი მამალაძე ამბობს, შესაძლოა, დაგეგმილი მკვლელობის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი არ ყოფილიყო ინფორმირებული.

“მე არც იმას გამოვრციხავ, რომ ეს პროცესი, რაც მიმდინარეობდა, საუბარია მკვლელობის მომზადებაზე, შესაძლოა, მიმდინარეობდა მეუფე დიმიტრის გვერდის ავლით. შესაძლოა, რომ ის არ ყოფილიყო ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული. ეს შემიძლია ვთქვა, თუმცა სხვა ვარიანტებიც არ გამოირიცხება,” – განუცხადა “TV პირველს” ირაკლი მამალაძემ.

როგორც ირაკლი მამალაძე აცხადებს, მკვლელობას ჯგუფი ამზადებდა, რომელთა ვინაობაც მის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერებიდან გახდება ცნობილი: “აქ არის სამ ან მეტ პირზე საუბარი. აღნიშნული ჯგუფის წევრები არიან ჩანაწერებში.”

ბრალდების მთავარი მოწმე არ პასუხობს შეკითხვას, არის თუ არა მის მიერ დასახელებულ ჯგუფში სასულიერო პირი, თუმცა კითხვაზე, არის თუ არა ამ ჯგუფში სოსო ოხანაშვილი, რომელიც პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ მოხსნა მისი დაცვის უფროსის თანამდებობიდან, ირაკლი მამალაძე პასუხობს: “არც უარვყოფ და არც ვადასტურებ ამ ინფორმაციას.”

ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ მთავარ პროკურატურაში მისვლით მოიქცა ისე, როგორც შეიძლება მოიქცეს ჩვეულებრივი კეთილსინდისიერი მოქალაქე და აღკვეთა დაგეგმილი მკვლელობა. მისი თქმით, ჩანაწერებში ბევრი რამ ჩანს, მათ შორის, ძალიან ბევრჯერ ჩანს მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი. თუმცა, როგორც ბრალდების მოწმე ამბობს, ციანიდი პირადად მას არ გადაუცია დეკანოზისთვის.

ირაკლი მამალაძე. ფოტო: ფეისბუკი

ირაკლი მამალაძე. ფოტო: ფეისბუკი

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი