ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მეჰრიბან ალიევა: პრეზიდენტობაზე არ მიფიქრია

28 თებერვალი, 2017 • 5714
მეჰრიბან ალიევა: პრეზიდენტობაზე არ მიფიქრია

“პრეზიდენტობაზე არ მიფიქრია და არც ვფიქრობ. იფიქრო იმაზე, რა იქნება მომავალში, სრულიად არაპროდუქტიული საქმიანობაა”, – განუცხადა ინტერვიუში რუსეთის ტელეკომპანია РОССИЯ 1-ს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ცოლმა, ვიცეპრეზიდენტის პოსტზე დანიშნულმა მეჰრიბან ალიევამ.

ინტერვიუში ვიცეპრეზიდენტი ახალი თანამდებობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნულ პოსტზე დანიშვნას მაშინვე არ დათანხმებია:

“მანამდე დისკუსია გვქონდა. ჩემი ძირითადი ეჭვები იმას უკავშირდებოდა, თუ რამდენად შევძლებდი ამ პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევას. თუმცა, ვიცოდი, რომ ქვეყნის ინტრესები და ის, რასაც მეუღლე მირჩევს, თანხვედრაში იქნება. რთული გადაწყვეტილებების შემთხვევაში, ის [ილჰამ ალიევი] სწორ გზას მიჩვენებს. პირველ რიგში, მე ვარ მეუღლე, დედა, 5 შვილიშვილის ბებია და არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი მეორე პლანზე გადავიდეს.

ვკონცენტრიტრდები სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, დაბალშემოსავლიანი ფენების პრობლემებზე”, – ამბობს ალიევა.

აზერბაიჯანულ ოპოზიციზე საუბრის დროს კი აცხადებს, რომ მზად არის, მიიღოს “ჯანსაღი კრიტიკა”:

“მზად ვარ, მხოლოდ ჯანსაღი, კონსტრუქციული კრიტიკა მოვისმინო. შეიძლება იყო ხელისუფლების ოპოზიციაში, მაგრამ არ უნდა იყო შენი ქვეყნის ოპოზიციაში. ჩემი მიზანია, გარკვეულ დროში  ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ფენების კრიტიკის მიზეზი შემცირდეს”.

მეჰრიბან ალიევა ამბობს, რომ რუსული ენა აზერბაიჯანის ერთ-ერთი სიმდიდრეა.

“ჩვენს ოჯახში ორივე ენა გამოიყენება. რუსული ენის დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სამწუხაროდ, ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სხვანაირი სიტუაციაა. გასაკვირია, რატომ არ აქვთ ქვეყნების ხელმძღვანელობებს იმის გაგება, თუ რამდენად ცუდი ტენდენციაა ეს”.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი ცოლი, მეჰრიბან ალიევა 2017 წლის 21 თებერვალს ვიცეპრეზიდენტად დანიშნა.

“სრულად ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ჩემს დანიშვნას უკავშირდება. ბატონო პრეზიდენტო, მჯერა, შევძლებ თქვენი და იმ ადამიანების ნდობის გამართლებას, ვინც მენდობა”.

ამის შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომაზე აზერბაიჯანის ახალმა ვიცეპრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ თავის ქმარს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს განუცხადა. 

2013 წელს მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ის ასევე მილი მეჯლისის დეპუტატი და აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მამის, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტია.

მეჰრიბან ალიევა

მასალების გადაბეჭდვის წესი