ახალი ამბები

დეკანოზ მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება

28 თებერვალი, 2017 • 1902
დეკანოზ მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დაკავებულის დაკითხვა მატროსოვის ციხეში დღეს, დაახლოებით დღის 12:00 საათიდან განახლდება. ადვოკატები უკვე ციხეში იმყოფებიან და პროკურორიც სავარაუდოდ ერთ საათში მივა ადგილზე.

დეკანოზის დაკითხვა 27 თებერვალს გვიან ღამემდე გაგრძელდა. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, გამოძიებას დაკავებულთან კიდევ ბევრი შეკითხვა დარჩა.

დეკანოზი თავდაპირველად დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება. პროკურატურა მასთან პირველად 27 თებერვალს მივიდა დასაკითხად. მან საქმის შინაარსზე არ ისუბრა და განაცხადა, რომ დაკითხვის დასრულებამდე საქმის სამართლებრივ შეფასებას არ გააკეთებს.

ადვოკატების თქმით, მამალაძე გარკეულ შეკითხვებზე პასუხების გაცემისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს და პროკურატურისაგან ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს. რამიშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით პროკურატურას ოფიციალური განცხადებით, სავარაუდოდ, ხვალ მიმართავენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი