ახალი ამბები

ვინ ჩაიბარებს ჩხავერს აჭარაში

22 ნოემბერი, 2012 • 4628
ვინ ჩაიბარებს ჩხავერს აჭარაში

ჩხავერი, ქედის მუნიციპალიტეტი. გიორგი ბარისაშვილის ფოტო
ჩხავერი, ქედის მუნიციპალიტეტი. გიორგი ბარისაშვილის ფოტო

 

 

ყველაზე მეტი ჩხავერი ქედის მუნიციპალიტეტში მერისის თემსა და ოქტომბერში მოჰყავთ. „ჩხავერი ძნელი მოსავლელია, ფოთლის გამოღებიდან მოსავლის მიღებამდე სპეციალური შეწამვლა სჭირდება, წამალი კი ძვირია. თუ არ შეწამლე დროულად, მოსავალს ვერ მიიღებ“ –  ამბობს მერისელი ამირან შარაძე, ის ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც ჩხავერი წლებია მოჰყავს.

 

როგორც ამირანი ამბობს, ვაზის ეს სახეობა მერისში ოდითგანვე გამოჰყავდათ და ჩხავერისგან ღვინის დაწურვა ტრადიციად იყო ქცეული, თუმცა დღეს ჩხავერი არა მხოლოდ ტრადიცია, არამედ ბევრი ოჯახის შემოსავლის წყაროა. „პრობლემა ის არის, რომ კლიენტი არ გვყავს, გასულ წელს კერძო პირებმა წაიღეს, 3,50 გადამიხადეს, წელს ჩხავერის ფასი 4 ლარი გახდა. 10 დღის ვადაში შესაძლებელია მოიკრიფოს, თუ გათოვდა და დასეტყვა, მოსავალს გააფუჭებს. 20 წელია მომყავს ჩხავერი, ბოლო 3 წელია რაც გავამრავლე, გასულ წელს მოსავალიც ნაკლები იყო და არც გასაღება ჭირდა“. – გვიამბობს ამირანი.

 

 

მერისის თემის სოფელ ინასარიძეების რწმუნებული მირზა შარაძე ამბობს, რომ სოფელში ყურძენი დამწიფდა, თუმცა დაკრეფა არ დაწყებულა, მოსახლეობა  მიმღები პუნქტის გახსნას ელოდება. „ჩაბარებაზე არ იქნება პრობლემაო გვპირდებიან და ვნახოთ“ – ამბობს რწმუნებული.   

 

ახლა სოფელ მერისში ყველას ერთი პრობლემა, ჩხავერის გასაღება აწუხებს, როგორც ბადრი წითელაძე ამბობს, წელს კარგი მოსავალი მოვიდა, თუმცა პრობლემა გასაღების ბაზრის არქონაა.

 

 

ქედაში ჩხავერის მიმღები პუნქტი არ არსებობს. ჩხავერს ადგილზე მხოლოდ საწარმო „ღვინის სახლი“ იბარებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით საწარმომ გასულ წელს 12 ტონა ყურძენი მიიღო, წელს კი ქედაში, წინასწარი გათვლებით, 70 ტონა ჩხავერის მოსავალს ელოდებიან.

 

 

ჩხავერის მოშენებაში გლეხებს ხელისუფლებაც დაეხმარა და არასამთავრობო სექტორიც. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში 2006-2007 წლებში ქედაში მოსახლეობას ვაზის სხვადასხვა ჯიშთან ერთად ჩხავერის ნერგებიც უსასყიდლოდ გადასცეს, წელს კი ჩხავერის ნერგები ქედელებს არასამთავრობო  ორგანიზაცია „სენმა“ პროგრამის – „ჩხავერი მეწყრის წინააღმდეგ“ ფარგლებში გადასცა. 

 

მერისელმა ბადრი წითელაძემ 10 წელია, რაც ჩხავერი მოაშენა: „ბოლო სამი წელია რაც ვაზი 500 მეტრზე გავაშენე. სოფელში კრეფა ჯერ არ დაწყებულა, არც მე დამიკრეფია, რეალურად გასაღების ბაზარი არ ჩანს. ყურძენი გასულ წელს „ღვინის სახლში“ ჩავაბარეთ, წელს კი მიღება ჯერ არ დაწყებულა. თუ ვერ გავყიდით, ღვინოს დავწურავთ, სხვა რა უნდა ვქნათ. პრობლემას ისიც ქმნის, რომ  ამისთვის სპეციალური ჭურჭელი მჭირდება, „ცოლიკაური“ და „ადესა“ მაქვს დაყენებული,  ჩხავერს ვყიდით ხოლმე“.  

 

 

მერისის თემის რწმუნებული, როლანდ წითელაძე ამბობს, რომ ჩხავერის დაკრეფა ჯერ არ გვიანდება: „ჩხავერს არ უგვიანდება, რამდენადაც აცივდება და სიცივეს სჭამს, ჩხავერისთვის უკეთესია, შაქრიანობა მეტი აქვს, მაგრამ შაქრიანობას თუ იმატებს, წონა აკლდება“.

 

 

ქედის გამგებლის თანაშემწე გიორგი ბერიძე ამბობს, რომ ცოლიკაურის გასაღება მოსახლეობას არ გაჭირვებია, რადგან ცოლიკაურის რეალიზაციას ხელისუფლება უწევს კოორდინირებას, ჩხავერის შემთხვევაში კი ვითარება სხვაგვარია, ყურძნის ეს სახეობა მხოლოდ საღვინედ გამოიყენება და ბაზარზე მისი გასაღება რთულია.

 

 

კითხვაზე, არსებობს თუ არა ალტერნატიული გზა ჩხავერის გასაღებასთან დაკავშირებით და რას სთავაზობს ადგილობრივი ხელისუფლება გლეხებს, გიორგი ბერიძე პასუხობს, რომ ხელისუფლება ცდილობს რეალიზებაში დაეხმაროს მოსახლეობას, „კუსტარულად დაამზადებენ ღვინოს და ღვინოს გაყიდიან“. 

 

 

მერისელი მეურნეები კი ამბობენ, რომ ღვინის გასაღება უფრო რთულია და შრომატევადი, ღვინის დაყენებას სპეციალური ჭურჭელი სჭირდება, რაც ცალკე თანხასთანაა დაკავშირებული.

 

 

„ღვინის დამზადებას შესაბამისი ჭურჭელი სჭირდება, სოფელში ჩხავერის ღვინო ლიტრი 10 ლარი ღირს, ერთი ლიტრის გამოყვანას კი  2-2,50 კილოგრამი ყურძენი სჭირდება. რამდენიც დავწურე, იმდენჯერ წავაგე, ღვინის გაყიდვა წამგებიანია და შრომატევადი, შესაბამისი ჭურჭელი სჭირდება, სპეციალური გადამუშავება და გაფილტვრა“ – ამბობს როლანდ შარაძე. 

 

 

ქედის გამგებლის მოადგილის,  მერაბ ტაკიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს და რამდენიმე დღეში გადაწყდება ყურძნის მიღება-არმიღების საკითხი: „მოსახლეობა  ჩხავერის დროულად ჩაბარებას ითხოვს. ღვინის სახლმა გასულ წელს 12 ტონამდე ჩხავერი 3, 3-50 ლარად ჩაიბარა, მიმდინარე წელს კი არც ერთი სახეობის ყურძენი არ მიუღია. სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას შევხვდი, მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მიიღებს თუ არა საწარმო ყურძენს და თუ მიიღებს, რა რაოდენობით, ამას მეწარმე გადაწყვეტს“.

 

„ღვინის სახლში” ამბობენ, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, მიიღებს თუ არა საწარმო ჩხავერს და თუ მიიღებს, რა ფასად.  

 

 

ჩხავერი
ჩხავერი

მასალების გადაბეჭდვის წესი