ახალი ამბები

რუსთავი 2: პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს

25 თებერვალი, 2017 • 12907
რუსთავი 2: პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს.  ტელეკომპანიის ცნობით, ის ამ თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც მოქმედი ხელმძღვანელი, სოსო ოხანაშვილი პოსტს დატოვებს.

“ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია მუშაობს. როგორც კონფიდენციალური წყარო საქართველოს საპატრიარქოდან რუსთავი2-ს უყვება, სოსო ოხანაშვილის შემცვლელი პატრიარქს თავად დაცვის წევრებმა შესთავაზეს და ახალი ხელმძღვანელი მათივე რიგებიდან აირჩიეს, რის შემდეგაც ისინი უწმინდესმა დალოცა,” – ვკითხულობთ “რუსთავი 2”-ის ვებგვერდზე.

24 თებერვლის მდგომარეობით, ილია მეორის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი დაცვის სამსახურის რიგებში ირიცხება.

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისა და საპატრიარქოს დაცვას შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოებისა და ქონების დაცვის სამმართველო უზრუნველყოფს.

23 თებერვალს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ უნახავს მას შემდეგ, რაც პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა.

თუმცა 22 თებერვალს “ნეტგაზეთის” მიერ გადაღებული ფოტო ადასტურებს იმას, რომ ოხანაშვილი მანამდეც იმყოფებოდა საპატრიარქოში.

ბოტკოველის ნათქვამს სოსო ოხანაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საპატრიარქოშია და კვლავ ასრულებს თავის მოვალეობას, ხოლო ბოტკოველმა იცრუა.

მისი  განცხადების შემდეგ ილია მეორის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად საპატრიარქო დატოვა.

სოსო ოხანაშვილი 11 თებერვალს ასევე დაკითხვაზე იმყოფებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. 10 თებერვალს გიორგი მამალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს მკვლელობის მომზადების ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, იგი მაშინ დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც გერმანიაში ციანიდით მიემგზავრებოდა. ამ პერიოდში გერმანიაში იმყოფებოდა ილია მეორე და სინოდის წევრების ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი