ახალი ამბები

დავით ბაქრაძე: აშშ-ს სერიოზული შეკითხვები აქვს ქართულ დემოკრატიასთან დაკავშირებით

25 თებერვალი, 2017 •
დავით ბაქრაძე: აშშ-ს სერიოზული შეკითხვები აქვს ქართულ დემოკრატიასთან დაკავშირებით

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრები ამერიკის შეერთებული შტატეების  კონგრესმენებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე  საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და საშინაო პოლიტიკაზე ისაუბრეს.

დავით ბაქრაძის განცხადებით,  სიმბოლურად დაემთხვა, რომ 25 თებერვალია და იმისთვის, რომ საქართველოში აღარასდროს განმეორდეს 1921 წლის 25 თებერვალი, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ  ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას აქვს:

“გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  მათ თანადგომას საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დღეს, როცა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ბევრი რამ იცვლება, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ არ იცვლება ტრადიციული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ.”

მისივე  თქმით, როგორც მთავარ პარტნიორს,  აშშ-ს სერიოზული შეკითხვები აქვს მთავარ საკითხებთან დაკავშირებით;

“კერძოდ, ქართულ დემოკრატიასთან დაკავშირებით. ჩვენ  დეტალურად ვისაუბრეთ “რუსთავი 2″-ის საქმეზე. ეს არის მეგობრებისგან მომავალი კრიტიკა იმისთვის, რომ საქართველოს იყოს უკეთესი.”

დღესვე კონგრესმენები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებს შეხვდებიან.  დელეგაციის შემადგენლობაში კონგრესმენები: პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი(ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა) შედიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი