ახალი ამბები

უძილაური: ივანიშვილი პატრიარქთან მოსაკითხად და მოსანახულებლად მივიდა

24 თებერვალი, 2017 • 3098
უძილაური: ივანიშვილი პატრიარქთან მოსაკითხად და მოსანახულებლად მივიდა

“ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი უძილაურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებული ილია მეორე, უბრალოდ, მოინახულა.

“არანაირი ინფორმაცია მაქვს. მოსანახულებლად იყო [ივანიშვილი პატრიარქთან]. უბრალოდ, მოინახულა. არა მგონია, ე.წ. ციანიდის საქმეზე ესაუბრათ. მივიდა მოსაკითხად და მოსანახულებლად. არა მგონია, რომ ციანიდის საქმეზე, გარდა საგამოძიებო ორგანოებისა, კიდევ სხვა განხილვას რაიმე აზრი ჰქონდეს,” – განუცხადა ნეტგაზეთს უძილაურმა.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი 23 თებერვალს მოინახულა. TV პირველის მიერ გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ ექსპრემიერი ცოლთან ერთად ყვავილებით ხელში შედის ილია მეორესთან. პირველის ინფორმაციით, ივანიშვილმა საპატრიარქო 15 წუთში დატოვა, ხოლო მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა, 13 თებერვალს კი ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთდა. პატრიარქი თბილისში 20 თებერვალს დაბრუნდა, მანამდე კი გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, სადაც საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უცნაური და არანორმალური უწოდა. ილია მეორეს 21 თებერვალს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შეხვდნენ. მათ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საკითხზე ისაუბრეს. პატრიარქს ორჯერ შეხვდა გიორგი მარგველაშვილი – პრეზიდენტმა ილია მეორესთან ასევე ისაუბრა ე.წ. ციანიდის საქმეზე.


დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს. ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარე დღეს 15:00 საათზე გამომძიებელს შეხვდება, რის შემდეგაც დაიწყება ე.წ. ციანიდის საქმეში არსებული აუდიოჩანაწერების ექსპერტიზა. დეკანოზი შესაძლოა დღესვე დაიკითხოს – ის მზად არის ჩვენების მისაცემად.

მასალების გადაბეჭდვის წესი