ახალი ამბები

‘მაესტრომ’ ‘აკრედიტაციის გარეშე’ შეაჩერა

19 ნოემბერი, 2012 • • 1707
‘მაესტრომ’ ‘აკრედიტაციის გარეშე’ შეაჩერა

“არხზე მიმდინარე რეორგანიზაციის გამო ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ შევაჩეროთ გადაცემა “აკრედიტაციის გარეშე”, რადგან მისი ავტორი შალვა რამიშვილი, გარდა იმისა, რომ “დილისა” და “სუბიექტური აზრის” წამყვანია, ახალ პროექტებზეც მუშაობს, რომლებსაც მალე ნახავს “მაესტროს” მაყურებელი. 

 
მოგეხსენებათ, მომავალი წლიდან ჩაირთვება “მაესტროს” ახალი არხი. ერთი იქნება საინფორმაციო, მეორე – საერთო მაუწყებელი, სადაც მაყურებელი იხილავს სხვადასხვა ფორმატის გადაცემებს, ფილმებს, სერიალებს და ა.შ. არსებული პოლიტიკური თოქ-შოუებიდან ზოგი დარჩება, ზოგი, შესაძლოა, ოდნავ სახეცვლილი დაბრუნდეს ეთერში. ამ საკითხებზე “მაესტროში” აქტიური მუშაობა მიმდინარეობს”, – ნათქვამია “მაესტროს” განცხადებაში.
 
 
შალვა რამიშვილის “აკრედიტაციის გარეშე” პირველად ეთერში 2011 წლის მარტში გავიდა. პირველ გადაცემაში რამიშვილმა განაცხადა, რომ მისი მიზანი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა იყო.
 
 
“ეს გადაცემა მოწოდებული იქნება იმისათვის, რომ ებრძოლოს უსამართლობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების გამოისობით სუფევს. ბრძოლის მეთოდი მრავალნაირი არსებობს, არსებობს დაბალანსებული ჟურნალისტიკა, ბალანს–ბალანს ჟურნალისტიკა, როდესაც ჩამოყალიბებული ჟურნალისტი(არა ისეთი, როგორიც მე) მიდის და აბალანსებს და ისე აშუქებს ამბავს, მაგრამ არის მეორე გზა – გზა ბრძოლის და თავდადების. ეს გზა მთლად ჟურნალისტური არ არის”, – განაცხადა მაშინ შალვა რამიშვილმა.
 
 
მას შემდეგ, რაც 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, შალვა რამიშვილი მას არაერთხელ შეხვდა, რის შემდეგაც “მაესტროზე” მისი ახალი პროექტი “ბანანის რესპუბლიკა” დაიწყო. შალვა რამიშვილის თქმით, მან ივანიშვილთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქართულ პოლიტიკაში ჩართული მილიარდერი მის გადაცემას დააფინანსებდა.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი