ახალი ამბები

გამართლებულია თუ არა სტურუას თეატრში დაბრუნება

19 ნოემბერი, 2012 • • 1420
გამართლებულია თუ არა სტურუას თეატრში დაბრუნება

ჯერ–ჯერობით უცნობია, ბრუნდება თუ არა რობერტ სტურუა სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე. კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, სტურუას ადგილი თეატრში ვაკანტურია და იგი რომელიმე თანამდებობაზე დაბრუნდება.


“ჩემგან მიიღო შეთავაზება, ჩემი იდეა იყო და არა მარტო ჩემი, ქართული საზოგადოების მოთხოვნაც იყო, რომ ეს გენიალური რეჟისორი, რომელმაც ქართულ თეატრს ძალიან გაუთქვა სახელი მთელ მსოფლიოში, დაბრუნდებულიყო, ანუ აღდგენილიყო სამართლიანობა.”


გურამ ოდიშარიამ სტურუას ქსენოფობიურ განცხადებაზე განმარტება “ნეტგაზეთთანაც” გააკეთა:


“ჩვენ ბატონი რობიკო გვიყვარს და ვაფასებთ მისი შემოქმედებით.  მისი სპექტაკლები, რაც დაუდგამს, არის ზეჰუმანური, იქ ადგილი არ არის ქსენოფობიისთვის, გადაჭარბებული იყო მაშინდელი შეფასება, ჩვენ ვეწინააღმდეგებით და მაშინაც ვეწინააღმდეგებოდით და არ მოგვწონდა ეს”– აღნიშნა ოდიშარიამ.


შეგახსნებთ, რომ ცნობილმა რეჟისორმა  ინტერვიუ მისცა „საქინფორმს“, რომელშიც გააკრიტიკა მაშინდელი ხელისუფლება და თქვა:


სტურუა: „ ბათუმში გახლდით. თქვენ გგონიათ, ეს გზები გაკეთებულია? აღმოჩნდა, რომ უკვე გაფუჭებულია ყველაფერი. ავტობანის შემდეგ ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე იწყება გაფუჭებული გზები. კინაღამ ავარიაში მოვყევით. უგემოვნობის გარდა, არაფერია გაკეთებული. ბათუმი „თურქულ ჩეჩმუსად“ გადააქციეს.


ჟურნალისტი: ეს დამოკიდებულებაა გასაკვირი, რაღაც სიყვარული შენი ხალხისადმი, რომ შენიანია,არ უნდა ჰქონდეთ?


სტურუა:  სომეხია და რა ვქნათ… ეს ხომ არ არის დამალული?“


სწორედ ამ ბოლო გამონათქვამის გამო საზოგადოების ნაწილმა სტურუა მკაცრად გააკრიტიკა და ქსენოფობიასა და არმენოფობიაში დაადანაშაულა.


2011 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ  განაცხადა, რომ რეჟისორი რობერტ სტურუა  რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ქსენოფობური განცხადებების გამო დაითხოვა.


ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი აცხადებს, რომ  რობერტ სტურუამ გაკეთებული განცხადებიბის გამო არც ბოდიში მოიხადა და მისი შემდეგი განცხადებებიც ქსენოფობიური იყო, ამიტომ მისი მაშინდელი გათავისუფლება სწორი იყო და დღეს მის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას არასწორად აფასებს:


“სტურუასთვის არავის აუკრძალავს რეჟისორული საქმიანობა და მას შეეძლო დაედგა სპექტაკლები, აქ ლაპარაკია თანამდებობაზე, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული სახელმწიფოსთან, ფინანსდება სახელმწიფოსგან და თეატრიც სახელმწიფოა. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს გაუმართლებელი და არასწორია. სტურუა აქ მეათეხარისხოვანია, იმდენი ქსენოფობიაა პარლამენტში, იმათთან შედარებით სტურუა თავის საქმის პროფესიონალი მაინცაა”– აცხადებს მინდიაშვილი.


ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სტურუას შემოქმედება მისი გამონათქვამების კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ:


” ის არის კარგი რეჟისორი, თუმცა მისი, როგორც რეჟისორის კრიტიკაც შეიძლება, არ შეიძლება მისი ნიჭის და ფენომენის აბსოლუტიზაცია, რაც დამახასიათებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. მთავარია, რომ ყველა ადამიანი, იქნება ის ნიჭიერი, ზენიჭიერი თუ უნიჭო, თანასწორია კანონის წინაშე და ყველა ადამიანს მოეთხოვება ელემენტარული ეთიკის დაცვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება განსხვავებულ სარწმუნოებებს და ეთნოსებს. შემოქმედება ერთია, სწორედ ასეთ ადამიანს არ ეპატიება ქსენოფობია, სტურუას მორალური და  ინტელექტუალური ავტორიტეტი გაცილებით დიდია, ვიდრე დარახველიძისა.  დაუშვებელია, როცა სტურუას ავტორიტეტის მქონე ადამიანი აკეთებდეს მსგავს განცხადებებს, იკრებდეს თავისი თაყვანისმცემლების დიდ წრეს და აკვრევივინებდეს ტაშს რასიზმს. ეს ხდება სახელმწიფოს სახელით, რადგან არის სახელმწიფო თეატრი, რომ მოეხადა ბოდიში, ეს უკვე სპეკულაციებია, ცუდი ისაა, რომ ასეთი ავტორიტეტის მქონე ადამინის განცხადებები ხდება შეუწყნარებლობის და არმენოფობიის ტალღის ერთ–ერთი საფუძველი”.

“მრავალეროვანი საქართველოს”  ხელმძღვანელი  არნოლდ სტეპანიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს,  რომ  2011 წელს სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლება სწორი ნაბიჯი იყო.  მისი თქმით, წინასწარ განცხადებების გაკეთება რთულია, რადგან ჯერ კვლავ უცნობია, თუ რა თანამდებობას დაიკავებს რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში. “მრავალეროვანი საქართველოს “ხელმძღვანელი ამბობს, რომ  მზად არიან ნებისმიერ განცხახადებაზე რეაგირებისთვის:


“აქ არის ორი მომენტი, ვფიქრობ, რომ რუსთაველის თეატრზე, რა მდგომარეობაშიც ის იმყოფება, სტურუას ხელი შეიძლება პოზიტიურად აისახოს, თუმცა ქსენოფობიის თვალსაზრისით არ არის სასიამოვნო ის, რომ  ადამიანი, რომელიც ამ პოსტიდან გათავისუფლდა, ისევ დაბრუნდეს. სტურუამ თქვა, რომ მე მოვდივარ, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ველოდებით”– აცხადებს არნოლდ სტეანიანი.


“მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელი არც იმას გამორიცხავს, რომ სტურუას გათავისუფლება პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო:


“ჩვენ ასეთი ტიპის განცხადება მანამდეც გვქონდა დაფიქსირებული, არა მხოლოდ განცხადება, არამედ ქცევაც, რომელიც ქსენოფობიას უჭერდა მხარს,  იგივე ცნობილი ფაქტი ვარძელაშვილთან დაკავშირებით, თუმცა იგი არ მოხსნეს, მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ მოვითხოვეთ. ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სტურუას მოხსნა იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, თუმცა ამას ჩვენთვის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ქსენოფობიურ განცხადებებზე ჩვენ ყოველთვის ვრეაგირებთ და რასაც ერთ ქეისთან დაკავშირებით ვაკეთებთ, იმავეს ვაკეთებთ მეორე ქეისთან დაკავშირებითაც”.

 

შეგახსნებთ, რომ რობერტ სტურუამ დღეს  საკუთარი ფეისბუქის გვერდზე შოთა რუსთავლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში დაბრუნების  შესახებ დაწერა:


“გადავწყვიტე! მოვდივარ! თეატრი არც უფერული მსახიობის ზალიკო(ჩიქობავას)კუთვნილებაა, არც ოლივერის და არც პატარა ტკიპების, მართველმა როგორც მურმანივითშეასია თეატრს. მოვდივარ! ეს თეატრი ილიასი, აკაკის, იაკობის დაარსებულია და კოტეს ვნებები, ახმეტელის სისხლი, დოდოს თეატრალობა, მიშას ერთგულება მაიძულებს ამ უზურპატორებს გავუსწორდე.  ვინ არიან ეს პუკები, ან გაზარმაცებული მსახიობები – თამაში რომ აღარ უნდათ უბრალოდ ეშინიად.ან იმ რეჟისორების სიამაყე, ლონდონის 40 წლის წინ დადგმულ სპექტაკლს ქართულ თეატრში უნიჭოდრომ იმეორებენ . ამიტომ მოვდივარ”!

მასალების გადაბეჭდვის წესი