ახალი ამბები | , ,

მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქო დეკანოზს ჩვენების მიცემისკენ მოუწოდებს

23 თებერვალი, 2017 | | 1605
მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქო დეკანოზს ჩვენების მიცემისკენ მოუწოდებს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქო დაკავებულ დეკანოზს ჩვენების მიცემისკენ მოუწოდებს. მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით,  საპატრიარქოში დღევანდელი შეხვედრისას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს სთხოვეს, რომ დაკავებულს ეს ინფორმაცია გადასცენ:

“ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ პირუთვნელად გვინდა სიმართლის გაგება. ვთხოვეთ ადვოკატებს, რომ გადასცენ მამა გიორგის, რომ მისცეს ჩვენება და დაასახელოს ის შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს ასეთი ინფორმაციის გაცემის შემდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ სიმართლე და მხოლოდ სიმართლე ამ საკითხებთან დაკავშირებით” – თქვა დღეს პატრიარქის მდივანმა.

როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები აცხადებებნ, დღეს საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართავენ და ბრალდებულის დაკითხვას მოითხოვენ:

“მივდივართ საქართველოს პროკურატურაში და შეგვაქვს განცხადება მის დაკითხვასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის, რომ გუშინ და გუშინწინ არ მოგვაკითხა პროკურატურამ, რათა დაკითხულიყო მამა გიორგი, ეს არ არის იმის ბრალი, რომ ჩვენ განცხადებით არ მიგვიმართავს. მათ თუ დაკითხვის სურვილი ჰქონდათ, ისინი ჩვენი განცხადების გარეშეც დაკითხავდნენ, მაგრამ ჩვენ, ვინაიდან ასე, მათგან განსხვავებით, სატელევიზიო “პინგ-პონგი” არ გვქონდა, ჩვენ ელემენტარულად ვიცავთ ფორმებს და მივმართავთ წერილობით” – თქვა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი