ახალი ამბები

ნაცვლიშვილი დეკანოზის საქმეზე: გაუგებარია, რატომ აბარებს ანგარიშს პროკურატურა საპატრიარქოს

23 თებერვალი, 2017 • 4552
ნაცვლიშვილი დეკანოზის საქმეზე: გაუგებარია, რატომ აბარებს ანგარიშს პროკურატურა საპატრიარქოს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დეკანოზის საქმის მასალების გაცნობამ საპატრიარქოსთვის პროკურატურას დიდი ზიანი მიაყენა.

ანა ნაცვლიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ საპატრიარქოში პრემიერისა და პროკურორის მისვლამ წაშალა ზღვარი სეკულარულ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის, რამაც გამოძიების ინტერესი დააზიანა და უთანასწორო მდგომარეობა შექმნა.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ არ არსებობს საკანონმდებლო დასაბუთება, თუ რატომ შეიძლება საქმის განხილვა გაიტანონ საგამოძიებო ორგანოს მიღმა. იურისტის თქმით, ამ პროცესში გაურკვეველი სტატუსის მქონე პირები, მაგალითად, ნანა კაკაბაძე, აკეთებდნენ განცხადებებს, ვინ, რას გაეცნო საპატრიარქოში და ვინ, რას ფიქრობს.

“ჩვენ ვნახეთ გაუგონარი რამ, როდესაც კანონმდებლობაში არსებული იმპერატიული ჩანაწერი, რომ გამოძიებას აწარმოებენ საგამოძიებო ორგანოები, თურმე ყველა შემთხვევაში ასე არ ყოფილა. საპატრიარქო არ არის ამ შემთხვევაში არც მხარე, არც საგამოძიებო ორგანო, არც რაიმე უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანო და სრულიად გაუგებარია, საგამოძიებო ორგანო რატომ აბარებს ანგარიშს, უხსნის, აცნობს მტკიცებულებას. ამას ემატება პოლიტიკური პირების მისვლა და ჩართულობა”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, თუ სხვა საქმეებთან პარალელს გავავლებთ, დავინახავთ, რომ საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან. მაგალითად, იმისათვის, რომ მოკლული ადამიანების ოჯახის წევრები დაზარალებულად ცნონ და საქმის მასალები გააცნონ, თვეებისა და წლის განმავლობაში სჭირდებათ დავა, ამ შემთხვევაში კი თავად პროკურატურა მიდის გარეშე პირებთან და მასალებს აცნობს.

“თუ ვინმეს უნდა, რომ რევერანსები გაუკეთოს სასულიერო ხელისუფლებას, გაუკეთოს, როგორც ჩვეულებრივმა მოკვდავმა ქრისტიანმა, მაგრამ არა როგორც პრემიერმა”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამით პროკურატურას დიდი ზიანი მიადგა არა მარტო იმის გამო, რომ საქმის მტკიცებულებების ნაწილი მიიტანა საპატრიარქოში, არამედ გამოძიების დაწყებიდანვე, როდესაც მან განაცხადა, რომ ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.

იურისტის განმარტებით, პროკურატურის რეფორმა გულისხმობს მის დეპოლიტიზებას, ერთადერთი ორგანო, რომლის წინაშეც არის პროკურატურა ვალდებული, პარლამენტია და მასაც კი არ აქვს უფლება, რომ კონკრეტულ საქმეზე მიიღოს ინფორმაცია პროკურატურის მხრიდან.

“რის საფუძველზე აიყვანა პრემიერმინისტრმა პირად კონტროლზე, სრულიად გაუგებარია. ესეც იყო დამაზიანებელი მესიჯი იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ პრემიერს აქვს წვდომა კონკრეტულ გამოძიებაზე და პირად კონტროლზე შეუძლია აყვანა, ესე იგი პირადი კონტროლი რაიმე მითითებებსაც შეიძლება გულისხმობდეს?” -ამბობს იურისტი.

ნაცვლიშვილი ასევე გვესაუბრა იმის შესახებ, რომ პრემიერის განცხადება ილია მეორის უსაფრთხოების გაძლიერების თაობაზე იყო პოპულისტური, რომლის მიზანიც იყო მისი, როგორ ილია მეორის დამცველისა და გადამრჩენელის როლში წარმოჩენა. ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ გამოძიების დაწყების პირველ ეტაპზე ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ბრალდებული დეკანოზის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია და  მისი და მისი ოჯახის დაცულობა საფრთხის ქვეშ დააყენა.

21 თებერვალს ილია მეორეს შეხვდნენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საკითხზე ისაუბრეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი