ახალი ამბები

“იქმნება ახალი მონსტრი” – ლიკა საჯაია ფარული მოსმენების კანონპროექტის შესახებ

23 თებერვალი, 2017 • 2633
“იქმნება ახალი მონსტრი” – ლიკა საჯაია ფარული მოსმენების კანონპროექტის შესახებ

სართაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დიდია რისკი, სახელმწიფო უსაფრთხოების ფარგლებში შექმნილმა სსიპ ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ თავისი ფართო უფლებამოსილებები ბოროტად გამოიყენოს

ასევე, მისვე თქმით, ვერც მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი უზრუნველყოფს იმას, რომ მოსმენები მოსამართლის გვერდის ავლით არ განხორციელდეს:

“პრობლემა ის არის, კანონი რამდენად იძლევა საშუალებას, რომ მოსამართლის ნებართვის გვერდის ავლით განახორციელონ უკანონო მოსმენები. თორემ მოსამართლე დღესაც ჩართულია. ჩვენ ხომ ამაზე არ ვდავობთ? ჩვენ ვდავობთ იმაზე, რომ კანონი არ იძლევა გარანტიებს, რომ მოსამართლის ნებართვის გარეშე ვერ განახორციელებ მოსმენებს. არც დღეს მოქმედი კანონი არ იძლევა ამის გარანტიას და არც ამ კანონს თუ მიიღებს პარლამენტი, არც მასში დევს მსგავსი გარანტიები,”- ამბობს ლიკა საჯაია.

მისივე თქმით, ეს რეფორმა სახელმწიფოს ძვირი – 30 მილიონზე მეტი ლარი უჯდება, საბოლოოდ კი ვიღებთ იმას, რომ ვითარება არ იცვლება და რიგი საკითხები პირიქით, უარესდება.

“ფაქტობრივად, უსაფრთხოების სამსახურში იქმნება ახალი სტრუქტურა,  იქმნება, პირდაპირ ვთქვათ, ახალი მონსტრი, რომელიც შეიცავს ძალიან ბევრ ისეთ უფლებამოსილებას, რაც არ უნდა ჰქონდეს მსგავსი სახის ტექნიკურ სააგენტოს,”- ამბობს ლიკა საჯაია.

მისივე თქმით, პრობლემას ქმნის ისიც, რომ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგეტოს შეეძლება ნივთმტკიცებების დათვალიერება, კავშირგაბმულობის ოპერატორებთან შესვლა, მათი დაჯარიმება:

“მას აქვს ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციები, შეუძლია პირის გამოკითხვა, ნივთმტკიცებების დათვალიერება, მას აქვს სამართალდაცვითი ფუნქციები… ასევე აქვს ისეთი გაუგებარი ფუნქციები, რომელიც ძალიან ახლოა კომუნიკაციების მარეულირებელი კომისიის ფუნქციებთან, მაგალითად, შევიდეს კომპანიაში, დააჯარიმოს, აუდიტი ჩატაროს. საბოლოოდ რას ვიღებთ, რა ჰქვია ამ სტრუქტურას? მას ნამდვილად არ ჰქვია ტექნიკური სააგენტო. თავისთავად, ასეთი შერეული ფუნქციები, ერთი მხრივ, დუბლირებულია ძალოვან სტრუქტურებთან, მეორე მხრივ, დუბლირებულია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან, რა თქმა უნდა, იძლევა ძალიან დიდ რისკებს,”- ამბობს ლიკა საჯაია.

TI-ის საპარლამენტო მდივნის თქმით, კანონის ამ სახით მღების შეთხვევაში, უკვე აღარ გვეცოდინება, თუ რამდენი სტრუქტურული ერთეული განახორციელებს ფარულ თვალთვალს და მიყურადებას:

“კანონპროექტის მიხედვით, ამ სააგენტოს უნდა ჰქონდეს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ერთეულები, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დღეს, მაგალითად, უსაფრთხოების სამსახურის ერთი დეპარტამენტი ახორციელებს მარტო მოსმენებს – მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტი, ხვალ უკვე აღარ გვეცდინება, რამდენი არის ეს სტრუტურული ერთეული, სად არის, ვინაიდან ეს საიდუმლო ინფორმაციაა. ესეც ძალიან დიდი რისკია იმიტომ, რაც უფრო მეტი ადგილიდან განხორციელდება მოსმენა, მით უფრო დიდია რისკი, რომ რომელიღაც მათგანი ამ უფლებას ბოროტად გამოიყენებს,”- ამბობს ლიკა საჯაია.

როგორც მან აღნიშნა, ამ კანონპროექტით გაუმჯობესებად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ შემოდის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე, თუმცა, საჯაიას თქმით, ეს ანგარიშვალდებულება მხოლოდ ნდობის ჯგუფთან სტატისტიკური ანგარიშის წარდგენით შემოიფარგლება.

“ფორმალურად, შეიძლება ჩავთვალოთ გაუმჯობესებად, რომ პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, ან ნიშნავს პრემიერი. თუმცა, თუ ვნახავთ, როგორ არის ეს საკითხები პროცედურულად მოწესრიგებული, არც ამ მხრივ არის გაუმჯობესება იმიტომ, რომ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება არის ფორმალური და პრემიერის დანიშვნასაც არანაირი აზრი არ აქვს, როდესაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წარუდგენს კანდიდატურას,”- განაცხადა ლიკა საჯაიამ.


[checklist]

  • საკონსტიტუციო  სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა “ეს შენ გეხებას” სარჩელი და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. სასამართლომ კანონის შესაცვლელად პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • 2016 წლის გაზაფხულსვე “ეს შენ გეხებამ” პარლამენტს  წარუდგინა სისტემის ცვლილების საკუთარი ვარიანტი, რომელიც სუს-ისგან და ყველა სხვა საგამოძიებო უწყებიდან დამოუკიდებელი ტექნიკური სერვისის მიმწოდებელი სააგენტოს შექმნას გულისხმობდა.
  • “ეს შენ გეხებას” კანონპროქტზე მერვე მოწვევის პარლამენტს არ უმსჯელია.
  • მეცხრე მოწევის პარლამენტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გააცნეს კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარგლებში სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. მოსმენების “გასაღები” სწორედ ამ სააგენტოს ხელში იქნება.
  • ამჟამად პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

[/checklist]

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი