ახალი ამბები

გოცირიძე: ეკლესიასთან დაკავშირებულმა ამბებმა გვაჩვენა, რომ შუა საუკუნეების წესებით ვცხოვრობთ

23 თებერვალი, 2017 • 2084
გოცირიძე: ეკლესიასთან დაკავშირებულმა ამბებმა გვაჩვენა, რომ შუა საუკუნეების წესებით ვცხოვრობთ

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველო შუა საუკუნეების წესებით ცხოვრობს. მისი აზრით, ამის მტკიცებულება ე.წ. ციანიდის საქმის ფარგლებში ხელისუფლების საპატრიარქოსთან ურთიერთობაა.

“ეკლესიასთან დაკავშირებულმა ამბებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანა შუა საუკუნეების წესებით ცხოვრობს. ძალიან უცნაური იყო მთავრობის წევრების მარში საპატრიარქოსკენ – ჯერ პრემიერ-მინისტრი, შემდეგ ერთი მინისტრი, მეორე მინისტრი, მთავარი პროკურორი და ბოლოს ეს მსვლელობა დაგვირგვინდა მისი აღმატებულება თბილისის მერის ვიზიტით,”- აღნიშნავს დეპუტატი.

მისივე  განცხადებით, საქმე, ფაქტობრივად, საპატრიარქოში განიხილება:

“საქმესთან დაკავშირებული მოვლენები განიხილება საპატრიარქოში და, ფაქტობრივად, საზოგადოება და დაცვის მხარე არ არის ინფორმირებული. გამოძიების პროცესში ირღვევა კონკურენტულობისა და თანასწორობის პრინციპი და როგორ ობიექტურადაც არ უნდა დამთავრდეს გამოძიება, საზოგადოება არასოდეს დაიჯერებს ბრალდების ვერსიას, რადგან ხელისუფლებამ ნდობა დაკარგა.”

რომან გოცირიძის დაკვირვებით, ხელისუფლებას უზურპირებული აქვს საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება და ახლა  მედიახელისუფლებისა და სასულიერო ხელისუფლების უზურპაციასაც ცდილობს:

“ხელისუფლება ცდილობს ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას და ამ გავლენის ერთ-ერთი ფორმა არის ფინანსური დახმარება, სხვადასხვა სახის ინექციები და, ამავე დროს, ის მანიპულაციები, რასაც ხელისუფლება აკეთებს სასულიერო პირების წინააღმდეგ. ცდილობს განხეთქილება ჩააგდოს მათ შორის და გათიშე და იბატონეს პრინციპით მეტი გავლენა მოიპოვოს ეკლესიაზე. ”

დეკანოზს, რომელიც 10 თებერვალს დააკავეს მკვლელობის მომზადების ბრალდებით. გამოძიების ცნობით, თან ჰქონდა ციანიდი და ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც იმჟამად პატრიარქი ილია მეორეი მყოფებოდა.

დეკანოზი 21 თებერვლამდე დუმილის უფლებას იყენებდა, რის გამოც ვერ დაკითხავდნენ, თუმცა 21 თებერვალს მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ იგი მზად იყო მიეცა ჩვენება.

21 თებერვალს ილია მეორეს შეხვდნენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საკითხზე ისაუბრეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი