ახალი ამბები

მამის როლი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოლიტიკაში

16 ნოემბერი, 2012 • 1694
მამის როლი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოლიტიკაში

„ეს არის დიდი ტყუილი, თუ ვინმეს თამაზი ჰყავს სადმე ნანახი – ან მოვიდა, ან წავიდა, მაგრამ გასაუბრებას თამაზ ხაბაძე არ დასწრებია. 30 წელია მაგ ადამიანს ვიცნობ და თუ დაველაპარაკე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გასაუბრებას ესწრებოდა. ის და არჩილი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ახლა კი მეტყვი, მაგას ერთად ცხოვრება არ უნდაო, მაგრამ შვილი მამამ რომ მოიკითხოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერევა? ჩვენ მაგას გავაკეთებთ? ლევან ვარშალომიძის დროს 24 საათი სულ იმას იძახდნენ– გურამ ვარშალომიძე, გურამ ვარშალომიძეო… ასეთი მაგალითი გვაქვს, აჩიკო ახლა მაგას დაუშვებს? მამამ შვილი რომ მოიკითხოს და მიულოცოს, არ შეიძლება? ან მე თუ გამოველაპარაკე აქ თამაზის (არჩილ ხაბაძის მამა), ამით რა მტკიცდება? ის არის „გარადოკში“ ჩემი მეზობელი, ერთ ღობეში ვცხოვრობთ“ – ამბობს აჭარის მთავრობის აპარატის ახლად დანიშნული უფროსი ირაკლი ჭეიშვილი „ბათუმელებთან”.  

 

 

მან ეს განმარტება იმ ინფორმაციის გასაბათილებლად გააკეთა, რომელიც გაზეთ „ბათუმელებს“ მიაწოდეს მთავრობის ადმინისტრაციიდან. წყაროს ინფორმაციით, ახალდამტკიცებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მამა, თამაზ ხაბაძე, მთავრობის აპარატში თანამშრომელთა მიღების დროს გასაუბრებასაც კი ესწრება. ამონარიდი წერილიდან: „აპარატის კადრების თანამშრომელთა მიღების შერჩევის დროს გასაუბრებაზე აჩიკოს მამა ზის, ძველმა თანამშრომლებმა უთხრეს აპარატის უფროსს, ეს რა არისო? მან უპასუხა, გაგვიჭირდა და თამაზი ბიძიას ვთხოვეთ დახმარებაო. გურამ ვარშალომიძე სახლიდან აკეთებდა მაგეებს და თქვენ ნამეტანი მოგივიდათო – ვუთხარით. იმას მისი შვილი სამსახურში არ უშვებდა და სახლიდან ჩალიჩობდა.“    

 

 

იყო თუ არა გასაუბრებაზე თამაზ ხაბაძე, ამის გადამოწმება ჟურნალისტ ნონა კვასტიანთან ვცადეთ, რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც გასაუბრება გაიარა. ნონა კვასტიანმა „ბათუმელებთან” მხოლოდ ის ფაქტი დაადასტურა, რომ მან ნამდვილად გაიარა გასაუბრება: „გასაუბრებაზე მხოლოდ ორ ადამიანს ვიცნობდი, ნათია სირაბიძეს და ირაკლი ჭეიშვილს, იქ კიდევ ორი მამაკაცი იყო, მაგრამ მათ მე არ ვიცნობ“ – ამბობს ნონა კვასტიანი.

 

 

„ბათუმელებმა“ ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის აპარატში მუშაობის კიდევ ერთ მსურველთან სცადა, თუმცა ვასიკო სურგულაძემ ამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.

 

 

გასაუბრების დროს თამაზ ხაბაძე კაბინეტში რომ იმყოფებოდა, „ბათუმელებს“ კიდევ ერთმა წყარომ დაუდასტურა, რომლის ვინაობასაც ვერ ვასახელებთ, რადგან მან ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია: „კაბინეტში იყო, მაგრამ გასაუბრებაში არ მონაწილეობდა, ანუ ჩემ იქ ყოფნაში მას კითხვა არ დაუსვამს და რამდენად შეიძლება ამას ვუწოდოთ გასაუბრება, არ ვიცი, ეს არაფორმალურ ხასიათს ატარებდა.“

 

 

თამახ ხაბაძე, არჩილ ხაბაძის მამა
თამახ ხაბაძე, არჩილ ხაბაძის მამა

„ბათუმელები“ თამაზ ხაბაძესაც დაუკავშირდა. დიალოგი ასე წარიმართა:

– ბატონო თამაზ, აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელთა დაკომპლექტების დროს გასაუბრებას ესწრებოდით?

– (პაუზა) ეს ვისთვის არის საინტერესო?

– მე გეკითხებით, ესწრებოდით თუ არა?

-როგორ დავესწრებოდი, მე ჩემი საქმე და სამსახური მაქვს.

– აჭარის მთავრობის აპარატში საერთოდ არ ყოფილხართ?

– როდის?

–  გუშინ, 6 ნოემბერს.

– კარგად ბრძანდებოდეთ!

 

 

თამაზ ხაბაძე საჯარო მოხელეა. ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2005 წლიდან მუშაობს. ახლა მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობა უჭირავს. თამაზ ხაბაძეს ეს პოსტი მას შემდეგაც არ დაუტოვებია, რაც მისი ვაჟი, 32 წლის არჩილ ხაბაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი?

 

„კანონის თანახმად, თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქვემდგომი საჯარო მოხელე კონკურსის წესითაა დანიშნული. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამინისტროებს და ზოგადად მთავრობას. მთავრობაზე ზედამხედველობა შეიძლება ჩაითვალოს სამინისტროების საქმიანობაზე ზედამხედველობად და, შესაბამისად, არ არის მისაღები, თავმჯდომარის ახლო ნათესავი წარმოადგენდეს ამ ტიპის საჯარო მოხელეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი კანონით დადგენილი კონკურსის წესითაა დანიშნული.“ –  პასუხობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი ირინა ურუშაძე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი