ახალი ამბები

კალანდაძეს 10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

13 ნოემბერი, 2012 •
კალანდაძეს 10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

მოსამართლე ბადრი შონიამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა კალანდაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. მოსამართლის თქმით, კალანდაძე თანამშრომლობს გამოძიებასთან, აქვს მუდმივი საცხოვრებელი სახლი, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რისი გათვალისწინებითაც მან აღკვეთის ღონისძიებად შეარჩია გირაო.

 

 მოსამართლის განცხადებით, განაჩენის გამოტანისას მან მხედველობაში მიიღო ამჟამად გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ კაპანაძის დახასიათება, რომელიც მას დაცვის მხარემ გადასცა. მოსამართლის განცხადებით, ვახტანგ კაპანაძე გიორგი კალანდაძეს დადებითად ახასიათებს.

 

კალანდაძემ 10 ათასი ლარი 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის წინააღმდეგ პატიმრობის სანქცია იქნება გამოყენებული.

 

გიორგი კალანდაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურამ ახალ საქმესთან დაკაშვირებით მოითხოვა, რომელიც უკავშირდება 19 ჯარისკაცის მიერ მიცემულ ჩვენებას, სადაც სამხედროები მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებზე საუბრობენ. კალანდაძეს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წარუდგინა, ისე, როგორც წინა შემთხვევაში, 7 ნოემბერს, როდესაც იუსტიციის მინისტრმა თავდაცვის სამინისტროში დააკავა. თუმცა კალანდაძე მაშინაც სასამართლომ 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

გიორგი კალანდაძის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე კალანდაძისთვის ბრალის წაყენებას არასწორად მიიჩნევს. მისი თქმით, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, საქართველოს პრეზიდენტს ჯერ არ გამოუცია ბრძანებულება კალანდაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შესაბამისად, ის კვლავ თანამდებობის პირად ითვლება და მისთვის ბრალი, ისევე როგორც წინა ჯერზე, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს უნდა წაეყენებინა.

 

გიორგი კალანდაძის საქმეზე სასამართლო სხდომა 2013 წლის 4 იანვარს ჩაინიშნა.

 

დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ასევე, 19 ჯარისკაცის ჩვენებაზე დაყრდნობით სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის გამო ახალაიას ბრალი წამების მუხლით აქვს წაყენებული. სასამართლომ დღესაც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ახალაიასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ახალაიას მანამდე სხვა საქმისთვისაც აქვს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული.

 

ბაჩო ახალაიას ადვოკატის დავით დეკანოიძის განცხადებით, გადაწყვეტილება სავარაუდოდ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება:

 

“ის მიზანი, რასაც ემსახურება აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, უკვე მიღწეულია, ვინაიდან ბაჩანა ახალაია უკვე იმყოფება პატიმრობაში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც გამოიტანა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება, ის უკვე ორგზის არის დაპატიმრებული, რაც ნონსენსია. გადაწყვეტილებას სავარაუდოდ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ”, – განაცხადა დავით დეკანოიძემ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში 48 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი