ახალი ამბები

სოფო კილაძე ენმ-ის დეპუტატებს: სუფთა უზრდელები ხართ

20 თებერვალი, 2017 • 1600
სოფო კილაძე ენმ-ის დეპუტატებს: სუფთა უზრდელები ხართ

ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დეპუტატმა ფატი ხალვაშმა სიტყვით გამოსვლისასს განაცხადა, რომ არავის სურს “რუსთავი 2”-ის დახურვა. რა დროსაც საუბარი ნიკა მელიამ შეაწყვეტინა. ნიკა მელიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე პროკურატურის თანამშრომელია:

“წინა ხელისუფლებას ხშირად სამართლიანად საყვედურობდით, რომ სასამართლო პროკურატურას იყო დაქვემდებარებული. მიხეილ ჩინჩალაძე იყო და დღესაც არის ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში პროკურატურის გაგრძელებაა. პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და როცა იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი, მეგონა, რომ ის პროკურატურის თანამშრომელი იყო. მოგვიანებით გავარკვიე, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ყველა უკანონო დავალებას ასრულებდა და ეს ჩინჩალაძე დღესაც არის მაოდგილე. აკეთებს იგივეს, ზუსტად იგივეს. მთლიანად პროკურატურას არის დამორჩილებული და დამონებული. ”

სოფო კილაძის თქმით, იმ ადამიანთან, რომელმაც იცოდა, რომ თავმჯდომარის მაოდგილე პროკურატურის თანამშრომელი იყო და ამის შესახებ არ აცხადებდა, სალაპარაკო არაფერია:

“ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში იჯდა პროკურატურის თანამშრომელი და მან ეს იცოდა. მაშინ რატომ არ ამბობდით ამას?”

 

ნიკა მელიამ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რასაც სოფო კილაძის უკმაყოფილება მოჰყვა და მანდატურის სამსახურს სთხოვა, ნიკა მელია დარბაზიდან გაეყვანათ.

“ყველა საუბრობს რიგის მიხედვით. ნაციონალური მოძრაობა უხტება ყველას სიტყვაში. რა არის ეს, რა წესია? დავასრულებინოთ ქალბატონს [ფატი ხალვაშს] სიტყვა, ელემენტალური ზრდილობის თემაა,” – განუცხადა სოფო კილაძემ დეპუტატებს.

“იმ ხელისუფლების წარმომადგენელი  ხართ, რომელმაც ლადო ბედუკაძე გმირად აქცია. საერთოდ რა გაქვთ სალაპარაკო?” – მიმართა ნიკა მელიამ სოფო კილაძეს.

“მე თუ არ მაქვს სალაპარაკო, თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო საერთოდ? ნუ მასწავლით, ვის რა ვილაპარაკო და რა ვთქვა. უზრდელები ხართ, სუფთა,” -განაცხადა კილაძემ.

ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების ანგარიშს ისმენენ სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი