ახალი ამბები

განათლების მინისტრი თსუ-დან დათხოვნილ ლექტორებს შეხვდება

13 ნოემბერი, 2012 • • 1672
განათლების მინისტრი თსუ-დან დათხოვნილ ლექტორებს შეხვდება

“ჩემამდე ეს განცხადება არ მოსულა, როცა მოვა ჩემამდე ეს განცხადება, ბუნებრივია, მათ შევხვდები, უნივერსიტეტი  დამოუკიდებელი სტრუქტურაა, მაგრამ რადგან მათ შეხვერის ინტერესი აქვთ და ამას გამოთქვამენ, ბუნებრივია, მათ შევხვდები”,– განაცხადა მინისტრმა.

 

დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ნიშნით დევნილ და უსამართლოდ გათავისუფლებულ პროფესორთა უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი მარგველაშვილს საგანგებო განცხადებით მიმართავს.

 

როგორც საინიციატივო ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, განათლების მინისტრს ოფიციალურ ინფორმაციას მიაწვდიან საინიციატივო ჯგუფის განცხადებაზე თსუ-ს რექტორატის საპასუხო წერილთან დაკავშირებით. 

“ყოფილ პროფესორთა საინიციატივო ჯგუფი აღნიშნულ პასუხს აფასებს, როგორ რექტორისა და რექტორატის მხრიდან განათლების მინისტრის მოწოდების უგულებელყოფისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღებისაგან თავის არიდების მცდელობად, რითაც მტკიცდება, რომ თსუ-ს რექტორატი არ არის დაინტერესებული არსებული პრობლემების მოგვარებით და აგრძელებს ხისტი და უსამართლო პოლიტიკის გატარებას უფლებადარღვეული პროფესორების მიმართ. საინიციატივო ჯგუფი იმედოვნებს, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უახლოეს პერიოდში შეხვდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ნიშნით დევნილ და უსამართლოდ გათავისუფლებულ პროფესორთა უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრებს, სადაც განიხილება შემდგომი მოქმედებების გეგმა და კონკრეტული ღონისძიებები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ახსნილია, რომ 2012  წლის 1 ნოემბერს საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით მიმართა თსუ-ს რექტორს, ალექსანდრე კვიტაშვილს და განათლების მინისტრის 30 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე შეხვედრა მოითხოვა.

რექტორატიდან გათავისუფლებულმა პროფესორებმა მიიღეს წერილი, რომელსაც ხელს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ კუკულავა აწერდა. მასში აღნიშნულია, რომ “აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე თითოეულ კონკურსანტთან დაკავშირებით უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (მათ შორის უარყოფითი) სამართლებრივად საფუძველდებული და დასაბუთებულია, რაც მათ პოლიტიკურ დატვირთვას გამორიცხავს. უნივერსიტეტი ვერ ხედავს რაიმე სახის კომისიის შექმნის აუცილებლობას. ხოლო რაც შეეხება უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების კონტროლის მექანიზმს, რექტორატი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრი, ჰქონდა და აქვს უნივერსიტეტზე კონტროლის განხორციელების უფლებამოსილებაც და შესაბამისი მექანიზმებიც, რის გამოც უნივერსიტეტი კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე სხვა მექანიზმების შექმნისაგან თავის შეკავებას ამჯობინებს”.

 

საინიციატივო ჯგუფში შედან თსუ-ს ყოფილი პროფესორები: ხათუნა ჩარკვიანი, ლელა გაფრინდაშვილი, თამარ კიკნაძე, გიორგი ყიფიანი, ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა, გოჩა მამულაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, მაკა კვაჭაძე, ერეკლე ასტახიშვილი, ეკა ჩოხელი, ნინო მიქიაშვილი, რუსუდან სეთურიძე, ასევე სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები– ლევან ლორთქიფანიძე და სანდრო ცაგარელი

 

 როგორც ხათუნა ჩარკვიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, განცხადებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღესვე შეიტანენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი