ახალი ამბები

სტუდენტების პროტესტი კარვებით

12 ნოემბერი, 2012 • 2157
სტუდენტების პროტესტი  კარვებით

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქცია დღეს, 12 ნოემბერს, 13:00 საათზე დაიწყო და უნივერსიტეტის წინ კარვების გაშლით დასრულდა.

აქციის ორგანიზატორი “დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციაა”, მათ ორგანიზაცია “სოლიდარობის” წევრები შეუერთდნენ, რომლებიც ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან.

აქციას ძირითადად ორგანიზებას ის სტუდენტები უწევენ, ვინც რამდენიმე დღის წინ რექტორის კაბინეტთან შიმშილობდნენ და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას 2011 წლის 26 ოქტომბერს მათ გატაცებაში ადანაშაულებს.

სტუდენტების აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან
სტუდენტების აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან

სტუდენტების მოთხოვნებს შორის გატაცების საქმეში მათ მიერ დადანაშაულებული პირების უნივერსიტეტიდან გათავისუფლება ერთ–ერთი პუნქტია:

“პირები, რომლებიც თვითმმართველობას ხელმძღვანელობენ ან სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ, უნივერსიტეტში უშუალოდ მონაწილეობდნენ გასული წლის 26 ოქტომბერს ჩვენი გატაცების საქმეში, ამიტომ ჩვენ ამ პირების გათავისუფლებას, თვითმმართველობის არჩევნების ხელახლა ჩატარებას და რექტორის გადადგომას მოვითხოვთ”, – აცხადებს “დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის” წევრი ალექსანდრე კობაიძე, რომელიც, როგორც თავად, ამბობს გატაცებულ პირთაგან ერთ–ერთია.

გარდა კონკრეტული პირების გადადგომისა სტუდენტები უნივერსიტეტში ფინანსური რესურსის არასწორად გადანაწილებასაც აპროტესტებენ. მათი თქმით, უნივერსიტეტის ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი აქ მომუშავე პერსონალის ხელფასებსა და პრემიებში იხარჯება:

“მე ახლა ხელში მიჭირავს უნივერსიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი, რომელიც 40 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან 20 მილიონი თანამშრომლების ხელფასებზე და პრემიებზე იხარჯება, 15 მილიონი– მივლინებებზე და საოფისე ხარჯებზე, ხოლო ერთი მილიონი ლარი –ელექტროენერგიის გადასახადზე, მაშინ, როდესაც ბევრი სტუდენტი, რომელთა ნაწილიც არის სოციალურად დაუცველი, სწავლას თავს ანებებს იმის გამო, რომ ვერ იხდის გადასახადს”, – აცხადებს ორგანიზაცია “სოლიდარობის” თავმჯდომარე ივანე მეფარიშვილი, მისი გვარი ასევე ფიგურირებს გატაცებული სტუდენტების სიაში.

სტუდენტები ამ თანხებით სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემას ითხოვენ.

მათი განცხადებით, პროტესტს ისინი მუდმივად გამოთქვამდნენ, თუმცა პროტესტის ასეთ ფორმას პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის გამო მიმართეს, მათ იმედი აქვთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო მათ ყურადღებას მიაქცევს და უნივერსიტეტში მდგომარეობა გამოსწორდება.

სტუდენტებს რამდენიმე ლექტორიც ეთანხმება. მათი თქმით, უნივერსიტეტში ლაბორატორიები იხსნება, თუმცა ეს მხოლოდ წითელი ლენტის გაჭრაა, შემდეგში კი ლაბორატორიები აღარ ფუნქციონირებს.

არჩილ ფრანგიშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი
არჩილ ფრანგიშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი აქციის მონაწილეებთან შეხვედრას არ აპირებს. მისი თქმით, ყველა ფაქტი, რაც სტუდენტებმა გააჟღერეს, ტყუილია:

“დათვალეთ, რამდენი სტუდენტია შეკრებილი, ყველაზე დიდი 50 ადამიანი იყოს, უნივერსიტეტში 17 000 სტუდენტი სწავლობს, არ შეიძლება რამდნიმე კაცი ყველას აზრს გამოხატავდეს. ეს ულტიმატუმები დღევანდელი წამოყენებული არ არის, ეს მოთხოვნები მათ ერთი წლის წინაც წამოაყენეს და მე ავუხსენი, თუ რა და რატომ არის შეუძლებელი. პირველ რიგში, მე არ შემიძლია და არ მეხება უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნა, კანონი მე ამას მიკრძალავს. რაც შეეხება თანხებს, ჩვენ უნივერსიტეტში გავაკეთეთ ბიბლიოთეკა, გაკეთდა კომპიუტერებით აღჭურვილი ოთახი, ფუნქციონირებს რამდენიმე ლაბორატორია. ვინც დაინტერესებულია, შეუძლია თავად წავიდეს და დაათვალიეროს. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, ისინი სარგებლობენ შეღავათებით და თუ არ ვცდები, მათ შორისაა აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი ალექსანდრე კობალაძეც”, – აცხადებს არჩილ ფრანგიშვილი.

რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტში გაიცემა სტიპენდიებიც, მათ შორის, სახელობითი და პრეზიდენტის სტიპენდია:

“სტიპენდიას იღებენ სტუდენტები, რომლებსაც აქვთ 97–98 ქულაზე მაღალი შეფასება ყველა საგანში, თუმცა უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტად დასახელებულია საინჟინრო მიმართულება, სადაც შეგიძლიათ ისეთი სტუდენტებიც ნახოთ, ვისაც 90 ქულა აქვს,  მაგრამ სტიპენდიას იღებს”, – აცხადებს არჩილ ფრანგიშვილი, თუმცა შეფასების სისტემაში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით, არიან სტუდენტები, ვინც მაღალ შეფასებას არ იმსახურებენ, თუმცა მაინც მაღალი ქულებითაა შეფასებული. რექტორის განცხადებით, ამ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, შედეგად რომელიმე პროფესორის ან დეკანის გათავისუფლება მოხდეს.

აქციის მონაწილეების განცხადებებს არც თვითმმართველობის წევრები და სხვა სტუდენტები ეთანხმებიან:

“მე ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე ვსწავლობ, ვიყავი თვითმმართველობის წევრიც, პირადად მყავს ჯგუფში რამდენიმე მოსწავლე, რომელიც სტიპენდიას იღებს, რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც გადასახადს ვერ იხდიან. მათი გარიცხვა მხოლოდ ორი–სამი წლის შემდეგ, უკიდურეს შემთხვევაში ხდება, კანცელარიაში ახლაც უამრავი საბუთია, სტუდენტებს აწერინებენ განცხადებებს გადასახადის გადავადებაზე, სხვადასხვა გრანტის მოპოვებაზე და გარიცხვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება”, – აცხადებს უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ გავაშელი.

რაც შეეხება სტუდენტების გატაცების ფაქტს, არჩილ ფრანგიშვილის თქმით, მას აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, თუ როგორც დატოვეს 2011 წლის 26 ოქტომბერს მისი კაბინეტი აღნიშნულმა სტუდენტებმა:

“მე ვიცი, რა მოხდა ამ კაბინეტში, ისინი დამემშვიდობნენ და ჩემი კაბინეტი დატოვეს, არ ვიცი, რა მოხდა შემდეგ, ამას ალბათ პროკურატურა დაადგენს, თუმცა მე ვიცი, რომ ისინი ჩემი კაბინეტიდან არ გაუტაცებიათ და, შესაბამისასდ, არც ისტორიის დანარჩენი ნაწილის მჯერა”, – განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა. მისი თქმით, აღნიშნულ ვიდეომასალას ამ დღეებში პროკურატურას გადასცემს.

სტუდენტების და რექტორის განცხადებით, აქციის მონაწილეთა ჯგუფი პოლიტიკური სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.

ტექნიკურ უნივერსიტეტთან კი აქცია გრძელდება, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ დაახლოებით 10–მდე კარავია გაშლილი, სტუდენტები დაშლას მანამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან
აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან

მასალების გადაბეჭდვის წესი