ახალი ამბები

რა აკავშირებს “რუსთავის აზოტის” მფლობელ კომპანიას “საქართველოს ბანკთან”

17 თებერვალი, 2017 • 4996
რა აკავშირებს “რუსთავის აზოტის” მფლობელ კომპანიას “საქართველოს ბანკთან”

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ბანკი უარყოფს რაიმე კავშირს სს “რუსთავის აზოტთან”, საიდანაც დათხოვნილი მუშების სოლიდარობის ნიშნად არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში ბანკის ოფისთან, არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კონკრეტული კავშირების არსებობას.

საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით, “რუსთავის აზოტის” საწარმოს მფლობელი კომპანიის “ე უ ინვესთმენთს”-ის არსებული და სამომავლო მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე “ბიჯეო ჯგუფის” კომპანიის სასარგებლოდაა დაგირავებული. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, “საქართველოს ბანკის” სააქციო კაპიტალის 99.52%-ს ფლობს.

გირავნობა/ლიზინგის უფლებათა რეესტრის მონაცემებით, გირავნობის ხელშეკრულება 2016 წლის 2 სექტემბერს, კომპანიის დარეგისტრირებიდან ერთ თვეში აისახა რეესტრის ბაზაში. სააქციო საზოგადოება “ე უ ინვესთმენთს”-ი 2016 წლის 10 აგვისტოს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

აზოტის მუშების მხარდასაჭერი აქცია თბილისში 7.02.2017

აზოტის მუშების მხარდასაჭერი აქცია თბილისში 7.02.2017

სტუდენტურმა გაერთიანება “აუდიტორია 115”-მა გაავრცელა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, “ე უ ინვესტმენთს’-ის ყველა აქცია დაგირავებული და ბლოკირებულია “ბიჯეო ჯგუფის” სასარგებლოდ 2016 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე.

“ე უ ინვესთმენთს”-ი ქიმიური საწარმო “რუსთავის აზოტის” მფლობელი კომპანიაა, რომლის წინააღმდეგ სტუდენტები და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები აქციებს მართავენ, “რუსთავის აზოტში” 340 მუშის სამსახურიდან დათხოვნის გამო.

აქციები იმართებოდა “საქართველოს ბანკის” ცენტრალურ ფილიალთანაც, თავისუფლების გამზირზე, რადგან აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ “რუსთავის აზოტის” რეალური მფლობელია “საქართველოს ბანკი”, თუმცა “საქართველოს ბანკი” საწარმოსთან რაიმე სახის კავშირს უარჰყოფდა.

პროფკავშირების ადგილობრივი წარმომადგენლის გოჩა ბიჭიაშვილის თქმით, 2016 წლის შემოდგომაზე, საწარმოს საამქროების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ასევე “ბიჯეო ჯგუფის” გენერალური დირექტორი და “საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი გილაური, როგორც კომპანიის ახალი მფლობელი და დაჰპირდა თანამშრომლებს რომ მფლობელის ცვლილება მათ სამუშაო პირობებზე უარყოფითად არ აისახებოდა. საქართველოს ბანკმა ეს ინფორმაციაც არ დაადასტურა.

“ბიჯეო ჯგუფი” არის საინვესტიციო კომპანია, რომელიც ფლობს კომპანია GGU-ს 100%-ს. GGU არის მფლობელი კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი”-ს, რომელიც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის, დაალოებით 1.4 მილიონ მოქალაქეს ამარაგებს წყლით. კომპანია ელექტროენერგიას აწარმოებს მის საკუთრებაში არსებული “ჟინვალჰესისა” და “თეთრიხევიჰესის” საშუალებით.

“ბიჯეო ჯგუფი” ასევე სამშენებლო კომპანია m2–ის მფლობელი კომპანიაა, BGEO Group PLC არის საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ასევე ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოს ბანკში.

“ნეტგაზეთი” საქართველოს ბანკს დაუკავშირდა, კითხვით, თუ რატომ უარჰყოფდა აქამდე “ე უ ინვესთმენთს”-თან კავშირს, რაზეც ბანკიდან ასეთი პასუხი მივიღეთ:

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოს ბანკმა, არაერთხელ დააფიქსირა, რომ კომპანია „რუსთავის აზოტი“ ბანკს არ შეუძენია, შესაბამისად, ეს კომპანია არ ეკუთვნის საქართველოს ბანკს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, „რუსთავის აზოტის“ ამჟამინდელმა მფლობელმა უნდა ისაუბროს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე, ამაზე საქართველოს ბანკი, ცხადია, კომენტარს ვერ გააკეთებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი