კერძოდ, თუ მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, პარლამენტის და პრეზიდენტის მიერ გამწესებული 15 წევრისგან ახალი კანონპროექტი, პრეზიდენტს მთავრობით ანაცვლებს.
ანუ პრეზიდენტი აღარ იქნება უფლებამოსილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დაკომპლექტებაში. მის ნაცვლად უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებაში საქართველოს მთავრობა მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი ასევე არ იქნება უფლებამოსილი, გაათავისუფლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წვერი.
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის საბჭოს ორი წევრის დანიშვნა შეუძლია, შემოთავაზებული კანონპროექტით კი, საქართველოს მთავრობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნული 3 წევრი წარმოადგენს.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, პარლამენტიდან კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ –თავმჯდომარეს, უმრავლესობას, უმცირესობას, საპარლამენტო ფრაქციას და ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
ერთ-ერთი ცვლილებების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ იქნება უფლებამოსილი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელოს. კანონპროექტიდან მოქმედი კანონმდებლობის ეს პუნქტი ამოღებულია.
არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი მოქმედ კანონმდებლობაში ის არის, რომ ერთი პერსონა, საბჭოს თავმჯომარე, ერთდროულად რამდენიმე სტრუქტურაშია წარმოდგენელი.
“გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობით მოსამართლეთა კონფერენციაზე ხმის მიცემა ხდება ღია კენჭისყრით. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაა, როცა ღია კენჭისყრით ხდება გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვალობს? ეს კენჭისყრა უნდა იყოს დახურული. ეს რგოლები ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ რამდენიმე ადამიანზეა დამოკიდებული მდგომარეობა, რომელიც სასამართლოშია”,- ამბობს ჯანეზაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების ეს შენიშვნა, რაც ღია კენჭისყრას ეხებოდა, გათვალისწინებულია ცვლილებების კანონპროექტში, კერძოდ, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე გადაწყვეტილების მიღება ღია კენჭისყრის ნაცვლად ფარული კენჭისყრით ხდება.
იუსტიციის სამინისტროს ცვლილებების პაკეტი ასევე ეხება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და დისციპლინურ სამართალწარმოებას.
მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე გამოტანილი გადაწყვეტილება, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებას დაამტკიცებს, საჯარო იქნება. თუ მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის დახურული იყო, ცვლილების კანონპროექტი ითვალისწინებს გადაწყვეტილების ვებ–გვერდზე გამოქვეყნებას.
“თუ მოსამართის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, რაც დისციპლინურს ეხება, ეს საკითხი მიდის იუსტიციის საბჭოში, არადა საჩივრებს იღებს იუსტიციის სამინისტრო. ანუ მხარეა თვითონ, ბრალდების მხარესაც თვითონ წარმოადგენს, რაც არასამართლიანი მიდგომაა”-ამბობს მოქმედ კანონზე ნაზი ჯანეზაშვილი.
ცვლილებები ამ შენიშვნას ასე ითვალისწინებს:
სადისციპლინო კოლეგია 6 წევრის ნაცვლად 5 წევრისგან შედგება, აქედან 3 წევრი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 არ არის მოსამართლე. მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერი მოსამართლე შეძლებს დაასახელოს კოლეგიის წევრი, როცა მოქმედი კანონმდებლობით კონფერენცია ირჩევდა საბჭოს თავმჯდომარის წარდგენილ კანდიდატს. ხოლო რაც ეხება კოლეგიის არამოსამართლე წევრებს, ერთს მთავრობა ნიშნავს, მეორეს საქართველოს პარლამენტი ირჩევს. მოქმედი კანონმდებლობით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს კოლეგიის ორ არამოსამართლე წევრს.
8 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებათა პაკეტი წარმოადგინა. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ცვლილებების პაკეტი პარლამენტს მას შემდეგ წარედგინა, რაც აღნიშნულს სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განიხილავს.