ახალი ამბები

საია პოლიტიკოსებს მოუწოდებს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია გიორგი მამალაძის მიმართ

14 თებერვალი, 2017 • 3444
საია პოლიტიკოსებს მოუწოდებს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია გიორგი მამალაძის მიმართ

საქართველოახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს განცხადებას, სადაც მოუწოდებს პროკურატურას და პოლიტიკოსებს, პატივი სცეს დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფციას.

“დეკანოზ მამალაძის საქმეზე გაკეთებული არაერთი განცხადება არღვევს მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას და ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ერთმნიშვნელოვნად ბრალდებულის წინააღმდეგ. საია მოუწოდებს როგორც პოკურატურას, ისე ცალკეულ პოლიტიკოსებს, დაიცვან და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებებს და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისაგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენს ბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას – დამტკიცებულ ფაქტად,”- აცხადებს საია.

პროკურატურის განცხადებით, გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს პრემიერმინისტრმა, ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და სხვა პოლიტიკოსებმა.

საიას შეფასებით, მიუხედავად საკითხის მიმართ საზოგადოების სენსიტიური დამოკიდებულებისა, გაუმართლებელია  ბრალდებულის მიმართ პროკურატურის წარმომადგენელთა და პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებებს.

“აღნიშნული განცხადებების შინაარსი ქმნის  შთაბეჭდილებას, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მასში  ბრალდებულის მონაწილეობა უკვე დადგენილ და უტყუარ ფაქტებს წარმოადგენს, მაშინ, როცა საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ხოლო სასამართლოს – ერთადერთ ინსტანციას საქართველოში, ვისაც აქვს კანონით მინიჭებული ლეგიტიმური უფლება, პირი გამოაცხადოს დამნაშავედ – ჯერ არ დაუწყია საქმის განხილვა… საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით,”- აცხადებს საია.

საიას განცხადებითვე, სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე, სამართალწარმოების დასრულებამდე საზოგადოების მხრიდან ყველა პირი უდანაშაულოდ უნდა იყოს აღქმული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი