ახალი ამბები

RIA: მოსკოვის საპატრიარქო საეკლესიო იერარქის მკვლელობის მომზადების საქმეს უცნაურს უწოდებს

13 თებერვალი, 2017 • 2036
RIA: მოსკოვის საპატრიარქო საეკლესიო იერარქის მკვლელობის მომზადების საქმეს უცნაურს უწოდებს

რუსული საინფორმაციო სააგენტო ria.ru ავრცელებს რუსეთის მართლმადიდებლი ეკლესიის წარმომადგენლის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ეკლესიისთვის მაღალი საეკლესიო იერარქის მკვლელობის მომზადების საქმე უცნაური ისტორიაა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ გიორგი მამალაძეს ბრალად ედება მაღალი სამღვდელო იერარქის მკვლელობის მომზადება და არ აკონკრეტებს თუ ვისზეა საუბარი, რუსულ მედიაში საუბარია ილია მეორის შესაძლო მკვლელობის მცდელობაზე. რასაც, მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობის სამდივნოს ხელმძღვანელი მთავარეპისკოპოსი, იგორ იაკიმჩუკი ეხმაურება.

“ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ეს ისტორია ძალიან უცნაურია, მისი უწმინდესობა ილია მეორე ახლა საქართველოს საზღვრებს გარეთ სამკურნალოდ იმყოფება”, – იგორ იაკიმჩუკის ამ განცხადებას ria.ru ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იაკიმჩუკმა განაცხადა, რომ ისტორიაში და განსაკუთრებით ბოლო საუკუნის განმავლობაში, “ასეთი ინციდენტების გახსენება” რთულია. ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გარკვეული არაა მოწამვლის მესიჯები აუთენტურია, თუ “საინფორმაციო ომის ნაწილია”.

გამოცემის ცნობით, ეკლესიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ილია მეორე მოსკოვის თეოლოგიური აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულია და მას ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთის ეკლესიის მიმართ.

“თუ გადავხედავთ ორ ქვეყანას შორის კრიზისული ურთიერთობებს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა არ გაფუჭებულა, პირიქით გაძლიერდა”, – განაცხადა იაკიმჩუკმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მამალაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი