ახალი ამბები

არც ერთი უწყება არ პასუხობს კითხვას, რა ბრალდებით დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე

13 თებერვალი, 2017 • 2786
არც ერთი უწყება არ პასუხობს კითხვას, რა ბრალდებით დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე

არც ერთი უწყება, რომელსაც “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა, არ პასუხობს შეკითხვას, რა მიზეზით დააკავეს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე დეკანოზი გიორგი მამალაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგვიდასტურეს, რომ სასამართლო სხდომა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხთან დაკავშირებით შედგა, თუმცა სასამართლო სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს იქიდან გამომდინარე, რომ სხდომა დახურული იყო.

ასევე დავუკავშირდით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, თუმცა არც იქ გვითხრეს არათუ მიზეზი, არამედ ის დაკავებული არის, თუ არა გიორგი მამალაძე.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თუმცა, მათ განგვიცხადეს, რომ მათ გიორგი მამალაძე არ დაუკავებიათ და ამ საკითხთან შეხება არ აქვთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ანალოგიურად განგვიცხადეს, რომ არც მათ აქვთ შეხება გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებულია, თუმცა კითხვაზე, რა მიზეზით დააკავეს მამალაძე, პასუხობს, რომ ჯობია შესაბამის უწყებებს დავუკავშირდეთ, თუმცა უწყებები, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ, ჩვენს კითხვებს პასუხს არ სცემენ.

გუშინ, 12 თებერვალს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი