ახალი ამბები

თამაზ ლომიძე: გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად მიტროპოლიტი გერასიმე დაინიშნა

12 თებერვალი, 2017 • 2902
თამაზ ლომიძე: გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად მიტროპოლიტი გერასიმე დაინიშნა

გერმანიაში მოღვაწე მართლმადიდებელი სასულიერო პირი, მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგის და ინსბრუკის სამრევლოების წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე აცხადებს, რომ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად მიტროპოლიტი გერასიმე დაინიშნა.

დეკანოზმა თამაზ ლომიძემ ამის შესახებ ცნობა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ილია მეორის მიერ ხელმოწერილი ბრძანება 2017 წლის 9 თებერვლით თარიღდება.

“ა.წ. 9 თებერვლიდან ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) დადგენილ იქნას გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად,”- წერია თამაზ ლომიძის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

გერმანიაში მოღვაწე სამმა სასულიერო პირმა, მათ შორის, თამაზ ლომიძემ, 2017 წლის 17 იანვარს გამოაქვეყნეს განცხადება, რომლითაც ეწინააღმდეგებოდნენ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნას.

მიტროპოლიტ სერაფიმეს გერმანიაში შესაძლო დანიშვნის შესახებ საპატრიარქოს განცხადება არ გაუკეთებია.

მიტროპოლიტი სერაფიმე 21 წის განმავლობაში ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას ხელმძღვანელობდა. მან ეპარქია ყოველგვარი საჯარო განცხადების გარეშე 2016 წლის აპრილში დატოვა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტ სერაფიმეს მრევლის ნაწილი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მცდელობაში ადანაშაულებდა.

მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ 2017 წლის 21 იანვარს გამოაქვეყნა წერილი, სადაც თავად განაცხადა უარი გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი