ახალი ამბები

ენმ: ფარული საგამოძიებო მოქმედებებზე კანონპროექტი ახალს არაფერს გვთავაზობს

10 თებერვალი, 2017 • 2668
ენმ: ფარული საგამოძიებო მოქმედებებზე კანონპროექტი ახალს არაფერს გვთავაზობს

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული კანონპროექტი არსებულ რეალობას არ ცვლის.

სალომე სამადაშვილის აზრით, ენმ-სთვის შემოთავაზებული კანონპროექტი არ არის მისაღები ისეთი ფორმით, როგორიც დღეს არის:

“საკონსტიტუციო სასამართლოს და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია იყო  დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებდა ამ საკითხის რეგულირებას  არ დაექვემდებარებოდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურს. ეს აუცილებელი კომპონენტია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. რეალურად, შემოთავაზებული კანონი ახალს არაფერს გვთავაზობს. ეს არის უბრალოდ სახელების გადარქმევა . ილუზიის შექმნა, რომ თითქოს სააგენტო იქნება დამოუკიდებელი, მაშინ როდესაც ის  პირდაპირ დაქვემდებარებული უშიშროების სამსახურს.”

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები.

მასალების გადაბეჭდვის წესი