ახალი ამბები

კუბლაშვილი: საბიუჯეტო თანხები პოლიტიკური მოტივაციით მცირდება

6 ნოემბერი, 2012 • 1049
კუბლაშვილი: საბიუჯეტო თანხები პოლიტიკური მოტივაციით მცირდება

მისი თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ მიიღო პასუხები ყველა იმ დაპირების განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც წინასაარჩევნოდ “ქართულმა ოცნებამ” გასცა:

 

„ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი, სად არის გათვალისწინებული ბიუჯეტში ის თანხები, რაც უკავშირდება საგაზაფხულო სამუშაოების დაფინანსებას, ასევე ვერ მივიღეთ, სად არის დამატებითი ხარჯები, რაც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უფრო მეტი რაოდენობის დაზღვევას, ვერ მივიღეთ პასუხი ყველა სხვა კითხვაზე, რომელიც უკავშირდება ტარიფების შემცირებას, უფასო განათლებას, არც ერთი ეს ხარჯი ბიუჯეტში არ ჩანს, ამიტომ, ბუნებრივია, ერთადერთი, რის გამოც იყო შედგენილი ეს პროექტი, რომ პოლიტიკური მიზნით შეემცირებინათ ოპონენტების შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების დაფინანსება, რაც თავისთავად აბსოლუტურად მიუღებელს ხდის ამ პროექტს,“ – განაცხადა კუბლაშვილმა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ყველა იმ ძირითადი წინასაარჩევნო დაპირების განხორციელება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გასცა, 2013 წლიდან დაიწყება:

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ” 9 წელი ვერ შეძლო პენსია გაეზარდა საარსებო მინიმუმამდე, რასაც “ქართული ოცნება” 2013 წელს შეასრულებს. მოსახლეობისთვის ასევე გაუგებარი იყო, რატომ არ ზრდიდა სოციალურ დახმარებას “ნაციონალური მოძრაობა”. ჩვენ გავაორმაგებთ სოციალურ დახმარებებს მომდევნო წლიდან. ასევე შესრულდება ის დაპირება, რაც იყო ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებით.

 

ვისთვისაც ეს გაუგებარია, ჩვენთვისაც გაუგებარია, ისინი ცხრა წლის განმავლობაში რას აკეთებდნენ საერთოდ მთავრობაში,“- განაცხადა ონოფრიშვილმა.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ფონდიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, რის გამოც შეუმცირდა დაფინანსება. რაც შეეხება სოფლის მეურნეობისთვის მილიარდიანი ფონდის შექმნას, ონოფრიშვილის თქმით, ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს:

„ეს ფონდი იქნება როგორც საერთაშორისო დახმარებების სხვადასხვა სახის შემონატანები, შეიძლება კერძო და ფიზიკური პირებისაც და ამაზე იქნება ცალკე მოხსენება“.

 

კომიტეტის სხდომაზე დღეს ასევე იმსჯელეს კომისიის შექმნაზე, რომელიც შეარჩევს აუდიტორ კომპანიას ეროვნულ ბანკში აუდიტის ჩასატარებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი