ახალი ამბები

სამინისტროს ცნობით, ავტოავარიის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

9 თებერვალი, 2017 • 2103
სამინისტროს ცნობით, ავტოავარიის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 9 თებერვალს, ავარიის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტოავარიის შედეგად, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა.

სამინისტროს ცნობით, კოლონა დასახლებულ პუნქტ სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაადგილების წესების დაცვით, სამხედრო პოლიციის ესკორტით მოძრაობდა, თუმცა, ავტომანქანა ტალახში მოსრიალდა, რის შედეგადაც ხეს შეეჯახა და 6-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

სამხედროები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან მკურნალობას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე მე-400 მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც გულისხმობს საბრძოლო სპეციალური, ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.

გამოძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი